აგვისტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ კოალიცია ქართული ოცნების სასარგებლოდ, რამდენიმე ფიზიკურმა პირმა სხვადასხვა მომსახურების შესყიდვისა და პარტიის ვალდებულებების შესრულებისათვის ფულადი თანხები პირადი სახსრებიდან გადაიხადეს.
როგორც განცახდებაშია ნათქვამი, კანონით დადგენილი წესების დარღვევით კოალიცია ქართული ოცნების სასარგებლოდ შემოწირულებები განახორციელეს ნოდარ ხადურმა, თამარ გიორგაძემ, რომან ცხონდიამ, თინა ხიდაშელმა და ბესო ჯოჯუამ.
„ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა ყველა ის პირი, ვინც შემოწირულებების კანონის მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა. ახსნა-განმარტების მიცემისას აღნიშნულმა პირებმა მათ მიერ კანონშეუსაბამო ქმედების ჩადენის ფაქტი პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშებზე ინკასოს არსებობით ახსნეს და განმარტეს, რომ პოლიტიკური სუბიექტის ფინანსური ვალდებულებების პირადი სახსრებიდან დაფარვა სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა“ – ნათქვამია განცხადებაში.
აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ქართულ ოცნებაში შემავალ პარტიებს ინკასოს წესით მიღებული შემოსავლების მხოლოდ 16.45% ჩამოეჭრათ. აქედან გამომდინარე კოალიციას სრული შესაძლებლობა ქონდა ფინანსური ტრანზაქციები კანონის შესაბამისად განეხორციელებინა. მიუხედავად ამისა, მათ „მაინც დაარღვიეს პოლიტიკური დაფინანსების შესახებ დადგენილი წესები. თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახური ორიენტირებულია დარღვევების პრევენციაზე და არა სანქციების გამოყენებაზე. სწორედ ამ კონტექსტში ხაზს უსვამთ იმ გარემოებას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ინკასოს გამოყენება გადაავადა. შესაბამისად აღარ არსებობს რაიმე საფუძველი კანონშეუსაბამო ქმედების მიზეზების დასასაბუთებლად“ – აღნიშნულია განცხადებაში.





