ბიზნესი რუსეთში

ალექსანდრე ლებედევი ზეწოლის გამო რუსეთში ბიზნესს წყვეტს

ბიზნესმენი ალექსანდრე ლებედევი წყვეტს თავის საქმიანობას რუსეთში. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მცდელობა ჰქონდა, გამოეაშკარავებინა რუსეთში არსებული კორუფცია, უსაფრთხოების სამსახური (FSB) შეუძლებელს ხდის მისი საქმიანობის გაგრძელებას.

მედია და საბანკო მაგნატის, ალექსანდრე ლებედევის თქმით, მასზე უპრეცენდენტოდ დიდი ზეწოლა ხორციელდება. ლებედევი იუწყება, რომ  საიდუმლო აგენტებმა მის სახლსა და ოფისში სათვალთავლო კამერები და მოსასმენი აპარატები დაამონტაჟეს.

"ყველამ ნებართვა უნდა აიღოს - ისინი [რუსეთის ხელისუფლება] არავის რთავენ ჩემი ბიზნესის შეძენის ნებას" - ამბობს ლებედევი - "6 თვიანი მოლაპარაკებები ოლიგარქთან, აეროფლოტის წილის გაყიდვაზე ჩაიშალა იმიტომ რომ FSB-ს "კ" განყოფილება ზედამხედველობას უწევს ეკონომიკურ აქტივობას ქვეყანაში. მათ აიძულეს ეს ადამიანი უარი ეთქვა გარიგებაზე."

ბიზნესმენის თქმით, FSB მის კლიენტებზეც ახდენდა ზეწოლას და მათ მასთან თანამშრომლობის უფლებას არ აძლევდა. როგორც ლებედევი აღნიშნავს, უსაფრთხოების სამსახური მის წინააღმდეგ ბინძური ინტრიგების გზითაც იბრძოდა და მისი რეპუტაციის შელახვას ცდილობდა.  

‎,,პუტინი ფიქრობს, რომ ის მართავს ყველაფერს, მაგრამ ბიუროკრატია იმდენად გაძლიერდა, რომ სინამდვილეში პუტინი ვერაფერს ვერ მართავს. ის ამ სისტემის მსხვერპლი უფროა, ვიდრე მმართველი.’’-განაცხადა ალექსანდრე ლებედევმა.

ალექსანდრე ლებედევმა ოპოზიციურ ძალებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათი დაფინანსების საკითხს განიხილავს. 

კომენტარები