ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართული ოცნება არჩევნების შედეგების აღიარების სანაცვლოდ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს

კოალიცია ქართული ოცნება არჩევნების შედეგების აღიარების სანაცვლოდ რამდენიმე წინაპირობის დაკმაყოფილებას ითხოვს. ბიძინა ივანიშვილის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნება არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებას ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ საარჩევნო გარემო პრინციპულად შეიცვლება და დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები:

!. დაუყოვნებლივ შეჩერდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიიცირებით გამოტანილი ყველა ჯარიმის, ყადაღისა თუ სანქციის აღსრულება, ისე, როგორც ეს მოხდა პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით;

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია “ქართული ოცნების” შემოსავლებიდან და ხარჯებიდან ამოირიცხოს ის თანხები, რომელთა კავშირი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან არაფრით არ არის დადასტურებული, გარდა კონტროლის პალატის ვარაუდებისა და მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებისა;

3. შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა (ამომრჩევლის 25%) მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა;

4. დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა დაბრკოლება კერძო კომპანიების მიერ მოსახლეობაში სატელიტური თეფშების გასავრცელებლად და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამომრჩე ვლის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ სხვა პროექტებს, მაგალითად, ქართველი ემიგრანტების ინიციატივას;

5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდეს კოალიციის წარმომადგენელი, კომისიამ იმუშაოს ყოველდღიურ, გამჭვირვალე რეჟიმში და, სხვა საკითხებთან ერთად, დაუყოვნებლივ განიხილოს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის (დაპატიმრება, სამსახურიდან გათავისუფლება, შანტაჟი) დღემდე მომხდარი ყველა ფაქტი;

6. სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული და კოალიციის მიერ გაზიარებული ქცევის კოდექსის დაცვის მონიტორინგისთვის შეიქმნას ქმედითი მექანიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. კოალიცის ლიდერმა დიპლომატებს წინასაარჩევნო ვითარება გააცნო.

კომენტარები