სირია

სირიელმა ამბოხებულებმა ალეპოს საკვანძო რაიონი დაკარგეს

სირიელი ამბოხებულების სამხედრო მეთაურების განცხადებით, მათ დაკარგეს კონტროლი ქალაქ ალეპოს სტრატეგიულ სალაჰ ალ-დინის რაიონზე. სამთავრობო ძალებმა ქალაქზე ახალი იერიში მიიტანეს, რის შემდეგაც მოახერხეს სალაჰ ალ-დინზე კონტროლის მოპოვება. რაიონი ალეპოს სამხრეთ დასავლეთით მდებარეობს, ის მჭიდროდ დასახლებული უბანია და ვიწრო ქუჩებით გამოირჩევა. ამბოხებულთა მებრძოლებს ამ რაიონში დამალვა და მანევრირება უადვილდებოდათ. სალაჰ ალ-დინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამთავრობო ძალებისთვის იყო, რადგანაც ის მდებარეობს ქვეყნის სამხრეთიდან მომავალ გზაზე. ამ მაგისტრალით კი ასადის მომხრე ძალები მარაგდებიან.

ამბოხებულები ალეპოს სხვა უბნებს ჯერ კიდევ აკონტროლებენ. თუმცა ქალაქის ეს ნაწილები განუწყვეტლივ იბომბება ასადის სამხედროების მიერ.

ასადის მოწინააღმდეგეებმა ალეპოს დაკავება ივლისის ბოლოსკენ მოახერხეს, თუმცა 8 აგვისტოს სამთავრობო ძალებმა ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს ქალაქის დასაბრუნებლად.

ამასობაში ასადმა გაქცეული პრემიერ-მინისტრის რიად ჰიჯაბის შემცვლელიც დაასახელა. პრემიერის პოსტს ჯანდაცვის მინისტრი ვაელ ალ-ჰალქი დაიკავებს.

პარალელურად ირანი სირიის კრიზისზე საერთაშორისო შეხვედრას მართავს. დასავლეთის ქვეყნები ირანის მცდელობებს, გადაარჩინოს მოკავშირე ასადის რეჟიმი, უნდობლობით ხვდებიან. თეირანის მიერ ორგანიზებული შეხვედრა მასთან და ასადთან დაახლოებული ქვეყნების თავყრილობაა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ლიბანმა და ქუვეითმა შეხვედრაში მონაწილეობა უარყვეს. რუსეთმა კი, გავრცელებული ინფორმაციით, თავყრილობაზე ელჩი მიავლინა.

კომენტარები