სირია

ასადი ტელევიზიით გამოჩნდა

სირიის სამთავრობო ტელევიზიამ გაავრცელა ჩანაწერი, სადაც სირიის პრეზიდენტი ხვდება ირანის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელს საიდ ჯალილის. ეს ასადის პირველი სატელევიზიო გამოჩენაა ბოლო ორი კვირის მანძილზე. მიმომხილველთა ვარაუდით, ასადი ცდილობს მოსახლეობას აჩვენოს, რომ პრემიერ-მინისტრ რიად ჰიჯაბის გაქცევის მიუხედავად, მისი მმართველობა წესრიგშია. სირიის ლიდერი ტელევიზიით ბოლოს 22 ივლისს გამოჩნდა მას შემდეგ, რაც დამასკოში ბომბმა მისი მთავრობის 4 მაღალჩინოსანი შეიწირა.

სირიის სამთავრობო ტელევიზიის მიხედვით, ასადმა და ჯალილიმ სირიისა და ირანის ურთიერთობები და ახლო აღმოსავლეთში ამჟამად არსებული მდგომარეობა განიხილეს.

სირიას ჯალილის გარდა სხვა ირანელი ოფიციალური პირებიც სტუმრობენ. თავად ჯალილი ირანის ნაციონალური უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს მეთაურია და აიათოლა ალი ხამენეისთან დაახლოებულ პირად ითვლება. მისი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი დამასკოში ამბოხებულთა მიერ დაკავებული 48 ირანელის გამოხსნაცაა.

ჯალილის დამასკოში ვიზიტის პარალელურად, სირიის საკითხთან დაკავშირებით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ირანის საგარეო საქმეთა მინსიტრი ალი აქბარ სალეჰი ჩავიდა. ირანელები აგრეთვე გეგმავენ 9 აგვისტოს სირიის საკითხის შესახებ საერთაშორისო შეხვედრაც ჩაატარონ. 

კომენტარები