სირია

პრემიერს გაქცევის მიუხედავად, სირიის მთავრობა მუშაობას აგრძელებს

პრემიერ-მინისტრ რიად ჰიჯაბის გაქცევის შემდეგ, სირიის მთავრობამ პირველი სხდომა გამართა, რომელსაც პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ გალავანჯიმ უხელმძღვანელა. მისი განცხადებით, მთავრობის ყველა მინისტრი შეხვედრაზე იყო. ინფორმაციის მინისტრმა ომრან ალ-ზუბიმ უარყო ინფორმაცია, თითქოს ასადის რეჟიმს პრემიერს გარდა, სხვა მინისტრებიც გაექცნენ.

ჰიჯაბი იორდანიაში 6 აგვისტოს გადავიდა და ტელეკომპანია ალ ჯაზირასთვის მიწოდებულ მიმართვაში ასადის მმართველობას ტერორისტული რეჟიმი უწოდა. ჰიჯაბს ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერის გაქცევა ასადის მთავრობის შინაგანი რღვევის დადასტურებაა.

ჰიჯაბი სუნიტი მუსლიმია, ასადის გარემოცვა და სამხედრო ელიტა კი ალავიტების სექტას ეკუთვნის. მიმომხილველთა განმარტებით, ასადს ზურგი აქციეს მასთან დაახლოებულმა სუნიტებმა, მაგრამ ალავიტებს შორის განხეთქილება არ შეიმჩნევა.

ამასობაში გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება ამბოხებულებსა და ასადის მომხრე სირიის უსაფრთხოების ძალებს შორის დამასკოსა და ალეპოში. ამ ორი ქალაქის დაკავებასთან ამბოხებულები ყველაზე ახლოს ივლისის თვეში იყვნენ, როდესაც ბომბმა ასადის რეჟიმის 4 მაღალჩინოსანი შეიწირა. მაგრამ სამთავრობო ძალებმა კონტრშეტევის შედეგად პოზიციები დაიბრუნეს. ამბოხებულები მსუბუქად არიან შეიარაღებული, ასადის სამხედროები კი ტანკებს, არტილერიასა და ვერტმფრენებს იყენებენ. ისინი არც მშვიდობიან მოსახლეობას ინდობენ. ქალაქ ალეპოს ზოგიერთი უბანი მიწასთანაა გასწორებული.

ამას გარდა, დამასკოში ამბოხებულებმა 48 ირანელი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის იყვნენ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრები, რომლებიც სირიაში ასადის რეჟიმის დასახმარებლად ჩავიდნენ. ირანის განცხადებით, დაკავებული ადამიანები შიიტი პილიგრიმები იყვნენ, რომლებიც სირიაში შიიტური ტაძრების მოსანახულებლად ჩავიდნენ. ამბოხებულების განცხადებით, სამი დაკავებული ირანელი სამთავრობო ძალების საარტილერიო შეტევების შედეგად დაიღუპა.

 

კომენტარები