სირია

ასადს პრემიერ-მინისტრი გაექცა

სირიის პრემიერ-მინისტრმა რიად ჰიჯაბმა ასადის მთავრობა მიატოვა. ის ოჯახთან ერთად იორდანიაში გაიქცა. ჰიჯაბის წარმომადგენლის განცხადებით, პრემიერი რევოლუციას შეუერთდება. სირიის სამთავრობო სატელევიზიო არხის მიხედვით, პრემიერ თანამდებობიდან მოხსნეს. ჰიჯაბის წასვლის შემდეგ მთავრობას ომარ გალავანჯი უხელმძღვანელებს.

ჰიჯაბი სირიის პრემიერი სულ ორი თვის წინ გახდა. ის არის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ასადის რეჟიმი მიატოვა 2011 წლის მარტის შემდეგ, როდესაც ასადის წინააღმდეგ ამბოხება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიის მთავრობის კიდევ ორი მინისტრი ცდილობს ასადის რეჟიმისგან გაქცევას, ფინანსთა მინისტრი მოჰამად ჯალილათი კი მაშინ დააკავეს, როდესაც გაქცევას ცდილობდა. თუმცა სირიის სამთავრობო ტელევიზია ამ ინფორმაციას უარყოფს.

ივლისში ამბოხებულების მხარეზე ერაყში სირიის ელჩი ნავაფ ფარესი გადავიდა. ივლისში ასადის მოწინააღმდეგეებს აგრეთვე შეუერთდა ბრიგადის გენერალი მანაფ თლასი, რომელიც პრეზიდენტთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა.

 

კომენტარები