სახალხო დამცველი

ომბუდსმენმა აბაშის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციით მიმართა

საქართველის სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს რეკომენდაციით მიმართავს მოქალაქე ნათელა ცანავასთვის თავშესაფრის გამოყოფასთან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ნათელა ცანავა 68 წლისაა, მარტოხელა და აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ამასთან, ის უსახლკაროა და აბაშაში, ნათესავის ბინაში ცხოვრობს, რომელსაც ცალ მხარეს კედელი არ აქვს და ძალიან არის დაზიანებული. იქიდან გამომდინარე, რომ ნათელა ცანავას ფულადი შემოსავლის წყაროს ზღვრული ასაკის გამო დანიშნული სახელმწიფო პენსია და საარსებო შემწეობა წარმოადგენს, მას ალტერნატიული საცხოვრებლის დამოუკიდებლად უზრუნველყოფა არ შეუძლია.

გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, ცანავამ ბევრჯერ მიმართა აბაშის გამგეობას თავშესაფრის დაკმაყოფილების მოთხოვნით, თუმცა მის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს თავისუფალი საბინაო ფართის არ არსებობის საფუძველზე.

`უსახლკარო ოჯახების მიმართ ადგილობრივ ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. კერძოდ, თუ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ეფექტურად ვერ ხორციელდება უსახლკარო პირების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა, აღნიშნული წარმოადგენს, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას.' - ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები