რუსეთი

Pussy Riot-ის პროცესი

რუსული პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის მონაწილეების სასამართლო პროცესზე 30 ივლისს პროკურორმა საბრალდებო დასკვნა წაიკითხა. სამ ბრალდებულს - ეკატერინა სამუცევიჩს, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას და მარია ალეხინას ბრალი ხულიგნობაში ედება. ამ მუხლით მინიმალური სასჯელი მილიონი რუბლამდე (დაახლოებით 30 ათასი დოლარი) ჯარიმას, მაქსიმალური - შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Pussy Riot-ის საქმის არსებითი განხილვა მოსკოვის ხამოვნიკის სასამართლომ დღეს დილიდან დაიწყო. სხდომა იგივე დარბაზში მიმდინარეობს, სადაც 2010 წლის ბოლოს მიხაილ ხოდორკოვსკის მეორე პროცესი გაიმართა. სასამართლოს შენობის გარშემო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 21 თებერვალს Pussy Riot-მა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში „პანკ-ლოცვა“ ჩაატარა და ღვთისმშობელს „პუტინის გაგდება“ სთხოვა. ჯგუფის სამი წევრი მალევე დააპატიმრეს. მათმა გამოსვლამ და შემდგომმა დევნამ დიდი რეზონანსი გამოიწვია როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ. უფლებათადამცველების აზრით, ჯგუფის წევრები მხოლოდ ადმინისტრაციულ სასჯელს იმსახურებდნენ. ისინი უკვე 5 თვეზე მეტია წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფებიან. Amnesty International-მა Pussy Riot-ის დაკავებული მონაწილეები სინდისის პატიმრებად მიიჩნია.

Новая газета-ს ცნობით, დღევანდელ პროცესზე გამოსვლისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა ეკატერინა სამუცევიჩმა განაცხადა, რომ წუხს მორწმუნეებისთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო, თუმცა ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. „ამ ბრალდებას ვაფასებ, როგორც რეპრესიული ავტორიტარული ზომების კამპანიის დაწყებას, რომელიც მიზნად მოქალაქეთა პოლიტიკური აქტიურობის შესუსტებას და მათ დაშინებას ისახავს“, - განაცხადა სდამუცევიჩმა.

 

კომენტარები