კონტროლის პალატა

კონტროლის პალატამ ბიძინა გიორგობიანი 900 ათასი ევროთი დააჯარიმა

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ფონდ ქომაგის ანგარიშზე  უკანონო შემოწირულობის განხორციელებისთვის, ბიძინა გიორგობიანი 900 ათასი ევროს ოდენობით დააჯარიმა.

ბიძინა გიორგობიანი კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სხდომაზე, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უნდა განხილულიყო, არ გამოცხადებულა.

,,სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად არც სამართალდამრღვევი და არც მისი წარმომადგენელი გამოცხადდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად უზრუნველყო სამართალდამრღვევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაცია და მხარის გამოუცხადებლობას საქმის განხილვა არ დაუბრკოლებია. შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომა ჩატარდა სამართალდამრღვევის მონაწილეობის გარეშე და ბიძინა გიორგობიანი, მის მიერ ფონდ ქომაგის ანგარიშზე განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.’’-ნათქვამია კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა გიორგობიანმა ფონდ ქომაგის ანგარიშზე შემოწირულობა პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე განახორციელა და ის დაკავშირებული იყო კოალიცია ქართული ოცნების გეგმებთან.

კონტროლის პალატისავე ინფორმაციით, ბიძინა გიორგობიანმა  2012 წლის 10 მაისს, 90 ათასი ევროს ოდენობით უკანონო შემოწირულობა განახორციელა, რის შემდეგაც კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ფონდ ქომაგის ანგარიშს ყადაღა დაადო, ხოლო ბიძინა გიორგობიანი სამართალდამრღვევად სცნო.

გერმანიის მოქალაქე ბიძინა გიორგობიანი თავს კანონდამრღვევად არ თვლის და აცხადებს, რომ მის მიერ განხორციელებულ შემოწირულობას პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია.

,,ეს არ არის ჩემი პირადი შეწირულობა, ეს განახორციელა საქველმოქმედო ფონდმა, რომლის სახელია Ost Eeuropa, Media und geselshaft, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც მე ვარ. მე შევასრულე გერმანული საქველმოქმედო ფონდის დავალება და დავეხმარე საქართველოში მოქმედ საქველმოქმედო ფონდ ქომაგს, რომელიც თავის მხრივ პატიმრების ოჯახებს და სამსახურიდან გათავისუფლებულ ადამიანებს უნდა დახმარებოდა.’’-აცხადებს ბიძინა გიორგობიანი.

კომენტარები