ლონდონი 2012

ოლიმპიადის 5 ვარსკვლავი

ტაბულა გთავაზობთ იმ 5 ბრწყინვალე სპორტსმენს, რომლებიც კარს მომდგარი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე უდავოდ ყურადღების ცენტრში იქნებიან და სავარაუდოდ, მორიგ ოქროს მედლებს და რეკორდებს შემატებენ თავიანთ უმდიდრეს კარიერას.

მაიკლ ფელპსი (აშშ, ცურვა)

ჟურნალმა TIME-მა რვა წლის წინ, ათენის ოლიმპიადის სპეცგამოშვების გარეკანი მაიკლ ფელპსის ფოტოთი დაამშვენა და ამერიკელი მოცურავე ზვიგენად მონათლა.

მაშინ ფელპსი 19 წლის იყო, მაგრამ საბერძნეთში 6 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიგო! ათენში მაიკლმა ლეგენდარული მარკ სპიცის რეკორდი გაიმეორა: მხოლოდ და მხოლოდ მეორე მოცურავე გახდა, ვინც ერთ თამაშებზე ორზე მეტი ინდივიდუალური ოქრო მოიგო – სპიცის მსგავსად, ოთხი.

2008 წელს ზვიგენი ჩინეთში ჩავიდა: 8 დისციპლინაში 8 ოქრო 7 მსოფლიო რეკორდით!

17 აგვისტოს მან სპიცის „უკვდავი” რეკორდი გააუმჯობესა – თანაგუნდელებთან ერთად 4X100 კომბინირებულ ესტაფეტაში იმარჯვა და მერვედ ავიდა უმაღლეს საფეხურზე. მიუნხენის 1972 წლის თამაშებიდან სპიცი შინ 7 ოქროთი დაბრუნდა.

14-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ფელპსი ლონდონში 7 დისციპლინაში იასპარეზებს და თუ სამი მედალი მოიპოვა (სინჯს მნიშვნელობა არ აქვს), ამჯერად რუსი ტანმოვარჯიშის, ლარისა ლატინინას „უკვდავ” მიღწევას დაამხობს – ოლიმპიური თამაშების 19 მედალი დაუგროვდება!

ლონდონი 2012-ის შემდეგ ფელპსი კარიერას დაასრულებს. ის ნისლიან ალბიონზე უკანასკნელად გაცურავს.

უსაინ ბოლტი (იამაიკა, მძლეოსნობა)

უსაინ სენტ ლეო ბოლტი მხოლოდ მეშვიდე მძლეოსანია სპორტის ისტორიაში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონი იუნიორებშიც გახდა, ახალგაზრდებშიც და დიდებშიც.

იამაიკელი ოლიმპიადის სამგზის ტრიუმფატორია: ოთხი წლის წინ, პეკინში მან 100, 200 და 4X100 მეტრზე იმარჯვა.

ამავე დისციპლინებში ბოლტმა ოქროს მედლები 2009 წელს, ბერლინში, მსოფლიო ჩემპიონატზეც მოიგო. შარშან, კორეის ქალაქ დაეგუში იმავე ტურნირზე კი მხოლოდ 200 და 4X100 მეტრზე იყო საუკეთესო – საყვარელი 100-მეტრიანი დისტანციიდან ნაადრევი სტარტის გამო მოხსნეს.

ლონდონში ბოლტი შეცდომას აღარ გაიმეორებს. პირიქით, თავისივე საარაკო რეკორდების გაუმჯობესებას ეცდება: 2009 წელს ბერლინში 100 მეტრი 9.58, 200 კი 19.19 წამში გაირბინა!

მალე გამომცემლობა HarperCollins მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ადამიანის ავტობიოგრაფიას გამოსცემს – იამაიკელის მოგონებები 2010 წლიდან იწერება.

ელენა ისინბაევა

(რუსეთი, მძლეოსნობა)

ყველა დროის საუკეთესო ჭოკით მხტომელი ქალი ლონდონში მესამედ ეცდება ოლიმპიური ოქროს მოგებას: ათენში და პეკინში ის პირველი იყო.

ისინბაევა ერთწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება სარბიელზე: შარშან დაიჩივლა, რომ გადაიღალა და შვებულება აიღო. დღეს მას ევგენი ტროფიმოვი წვრთნის, ვისთანაც 15 წლიდან ვარჯიშობდა და უამრავ წარმატებას მიაღწია.

წელს ერთადერთ დიდ ტურნირზე იასპარეზა: სტამბოლში, ჭერქვეშა მსოფლიო ჩემპიონატზე 4.80 მეტრს გადაევლო და ოქრო ჩაიბარა.

რუსი მძლეოსანი 1999 წლიდან მონაწილეობს ევროპის-მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიადებზე და მას შემდეგ 24 შეჯიბრებიდან 21 მოიგო! ამ ჩამონათვალში საერთაშორისო ტურნირებს და ბრილიანტის ლიგის ეტაპებს არ ვთვლით – იქ ისინბაევას გამარჯვებების თვლას აზრი არ აქვს.

მსოფლიოს 28-გზის რეკორდსმენი რუსეთის შეიარაღებული ძალების კაპიტანია. ეს წოდება ოთხი წლის წინ, პეკინში ტრიუმფის შემდეგ მიანიჭეს.

2009 წლის 28 აგვისტოს, ციურიხში, ბრილიანტის ლიგის მორიგ ეტაპზე ელენამ მსოფლიოს რეკორდი კიდევ ერთხელ გააუმჯობესა – 5.06 მეტრი დაძლია.

ჩემპიონი ამბობს, რომ ლონდონში ახალი რეკორდის დროა.

როჯერ ფედერერი

(შვეიცარია, ჩოგბურთი)

8 ივლისს როჯერმა მეშვიდედ მოიგო უიმბლდონი და რეიტინგის სათავეში დაბრუნდა.

მან პირველ ნომრად 287-ე კვირა დაიწყო. ეს ყველა დროის რეკორდია!

მან დიდი მუზარადის 17 თასი აღმართა!

მან 72918077 დოლარი მხოლოდ კორტზე გამოიმუშავა!

მაგრამ მას არასდროს მოუგია ოლიმპიური ოქრო ერთეულებში.

კი, ოთხი წლის წინ პეკინში ფედერერი ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა თანამემამულე სტანისლავ ვავრინკასთან ერთად, მაგრამ ის წყვილთა შეჯიბრება იყო, მოსაგონრად სასიამოვნო, თუმცა მისი დონის პროფესიონალისთვის მაინც დაბალი რანგის.

ლონდონში ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს.

გარემო ნაცნობია: უიმბლდონის კორტები. მთავარ მეტოქეებს ხომ ლამის თვალდახუჭული ცნობს: სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ესპანელი რაფა ნადალი და ბრიტანეთის იმედი – ენდი მარი.

მხოლოდ ერთი რამ რჩება: გამარჯვება.

2000 წელს, სიდნეიში, მომავალი მეუღლე მირკა გაიცნო და ბრინჯაოს მედალი დათმო.

2004 წელს, ათენში, როჯერი შვეიცარიის მედროშე გახლდათ, მაგრამ მეორე წრეში დამარცხდა.

2008 წელს, პეკინში კვლავ ქვეყნის თეთრჯვრიანი დროშა ეპყრა, მაგრამ მეოთხედფინალში ამერიკელ ჯეიმს ბლეიკთან წააგო.

ფედერერი ამბობს, რომ ლონდონში ოქროს აღებას აპირებს.

ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი)

ამერიკელები ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის – NBA – გამარჯვებულს მსოფლიოს ჩემპიონს უწოდებენ.

მაიამი ჰითი წლევანდელი NBA-ს ჩემპიონია.

ლებრონ ჯეიმსი ზღვისპირელთა ლიდერი, NBA-ს ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე და რეგულარული სეზონის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელია.

ლებრონ ჯეიმსი უბრალოდ საუკეთესოა!

და საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიადაზე ითამაშებს.

ამბობენ, რომ ამერიკელთა ეს Dream Team ლეგენდარული 92-ის ჯადოქრების ნაკრების შემდეგ უძლიერესია. ამას ძალიან მალე ლონდონის დარბაზებში ვნახავთ.

2004 წელს ამერიკა ათენიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ის გუნდი იყო NBA-ს პროფესიონალთა პირველი ნაკრები, რომელმაც ოლიმპიადა ვერ მოიგო. ლებრონი იმ რჩეულთა რიგითი წევრი იყო – საშუალოდ 14 წუთს ატარებდა პარკეტზე და გაჭირვებით აგროვებდა 5 ქულას.

2008 წელს ამერიკელებმა ოქრო დაიბრუნეს: ფინალში ესპანეთი 118:107 დაამარცხეს. ლებრონმა ევროპელებს 14 ქულა ჩაუგდო და 6-ჯერ მოუხსნა ბურთი, მაგრამ არც იმ გუნდში იყო ლიდერი.

დღეს 2012 წელია, ამერიკა კვლავ ოლიმპიადაზეა და ეს უკვე ჯეიმსის გუნდია. მერე რა, რომ მასთან ერთად კობი ბრაიანტი, კარმელო ენტონი, ტაისონ ჩენდლერი, კევინ დურანი და სხვა სუპერვარსკვლავები ითამაშებენ.

 

 

 

 

კომენტარები