საქართველო-თურქეთი

მიხეილ სააკაშვილი: ყველაზე რთულ წლებში, მათ შორის 2008 წლის შემდეგ, თურქეთთან არც ერთ სფეროში არ შეწყვეტილა თანამშრომლობა

ბათუმის იუსტიციის სახლში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ისმეთ ილმაზს შეხვდა. მხარეებმა სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და საქართველოს თავდაცვის სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში, ISAF -ის მისიაში წარმატებით მონაწილეობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.

პრეზიდენტმა თურქეთის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერისა და აქტიური თანმშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა მინისტრს და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კრიზისულ პერიოდშიც არ შეწყვეტილა.

"ყველაზე რთულ წლებში, მათ შორის 2008 წლის შემდეგ, თურქეთთან არც ერთ სფეროში არ შეწყვეტილა თანამშრომლობა, განსაკუთრებით კი თავდაცვის სფეროში. ბევრ ქვეყანასთან საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის კუთხით დაბლა ჩავიდა და ახლა ისევ ავიდა, მაგრამ იშვიათი გამონაკლისი იყო თურქეთი, რომელთანაც არც ერთი დღე არ შეჩერებულა თანამშრომლობა,"- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ისმეთ ილმაზთან NATO-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრა და აღნიშნა: "თურქეთი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ნატოში გაწევრიანების საქმეში. ამისთვის ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რადგან ეს არის ისტორიული შანსი საქართველოსთვის, რეგიონისთვის, ჩვენი კეთილმეზობლობისთვის, რომ საქართველო იყოს დაცული ამ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში".

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 ივლისს, ისმეთ ილმაზი  ერთდღიანი  ვიზიტით ეწვია საქართველოს. ის შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს დიმიტრი შაშკინს და  გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი.

 

კომენტარები