ჩემპიონთა ლიგა 2012-13

ნეფთჩი (ბაქო, აზერბაიჯანი) 3:0 ზესტაფონი

საქართველოს ჩემპიონი ზესტაფონი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბაქოს ნეფთჩისთან 0:3 დამარცხდა.

„ეს იყო ჩემი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში და ამ წაგების გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. დღეს ნამდვილ ზესტაფონს არ უთამაშია და ამიტომ, ვთვლი, რომ მესამე ეტაპის მონაწილე სწორედ საპასუხო მატჩში გაირკვევა,“ - განაცხადა საქართველოს ჩემპიონთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

ბაქოელებმა ორი გოლი პირველ ტაიმში, წუთის ინტერვალით გაიტანეს: 22-ე წუთზე ქამიდ იმამვერდიევმა დაარტყა ზუსტად, მალე კი ჯულიუს ვობაიმ დალაშქრა როინ კვასხვაძის კარი. შესვენების შემდეგ აზერბაიჯანელი გულშემატკივრები ნიკოლას კანალესმა გაახარა და თამაშის უკანასკნელი ბურთი გაიტანა - 3:0.

ქართველმა ფეხბურთელებმა გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოიყენეს: ჯაბა დვალმა და აბაიომი ოვონიკოკომ კუთხურების შემდეგ ვერ შეაგდეს გოლები, გუნდის კაპიტნის თორნიკე აფციაურის დარტყმული ბურთი კი ნეფთჩის ერთ-ერთ მცველს მოხვდა. არ გაუმართლა ზურაბ მენთეშაშვილსაც - მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ხარიხას მოხვდა.

„ამ გამარჯვებას მთავარ მწვრთნელს, ბიუქაღა გაჯიევს ვუძღვნით,“ - განაცხადა ტარლან ახმადოვმა, რომელმაც გაჯიევის არყოფნაში უხელმძღვანელა ნეფთჩის. მთავარი მწვრთნელი ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო ზესტაფონთან თამაშს.

საპასუხო შეხვედრა სამშაბათს, 24 ივლისს გაიმართება ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე.

* * *

17 ივლისი, 2012. ჩემპიონთა ლიგა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი. აზერბაიჯანი, ბაქო, დალგა. 4500

ნეფთჩი (ბაქო, აზერბაიჯანი) 3:0 ზესტაფონი

გოლები: 1:0 ქ.იმამვერდიევი (22), 2:0 ჯ.ვობაი (24), 3:0 ნ.კანალესი (64)

ნეფთჩი: რ.მეჰდიევი, რ.მელიქოვი (კაპ), ი.მიტრესკი, რ.ა.სადიგოვი, ფლავინიო (ა.აბდულაიევი 62), ჯ.ვობაი, ნ.კანალესი, ე.რამოსი, ბ.ბერტუჩი, ქ.იმამვერდიევი (მ.სეიდოვი 77), ე.იუსუნზადე (ს.იუნისოღლუ 70)

მწვრთნელი: ტარლან ახმადოვი

ზესტაფონი: რ.კვასხვაძე, თ.ღონღაძე, ე.საჯაია, მ.კობახიძე, თ.გორგიაშვილი, ჯ.დვალი, ლ.შარიქაძე, ზ.მენთეშაშვილი, ზ.ელიავა (თ.გრიგალაშვილი 77), თ.აფციაური (კაპ) (ლ.გუგუჩია 66), ა.ოვონიკოკო (დ.მუჯირი 59)

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გაფრთხილება: ი.მიტრესკი, თ.აფციაური, ე.იუსუნზადე, თ.გორგიაშვილი, ლ.გუგუჩია, ჯ.ვობაი

მსაჯები: მ.ავრამი; მ.ი.ნაგი, ს.გეორგე (რუმინეთი)

კომენტარები