ავტორბოლა

საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი

დღეს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი გაიმართა ფორმულა ალფას, ტურინგის, GT-ის და ლეჯენდსის კლასში.

ფორმულა ალფას რბოლებში პირველი ადგილი გალფის გუნდის პილოტმა ნიკა ადეიშვილმა დაიკავა, რომელმაც თითქმის 7 წამით ჩამოიტოვა თანაგუნდელი მევლუდ მელაძე. მესამე ადგილზე ლაშა ნადირაშვილი გავიდა.

ტურინგის კლასის ავტომობილებში 9 მონაწილე გავიდა სტარტზე, პირველი ადგილი კი დავით ჩხიკვიშვილმა მოიპოვა. მეორე იყო დავით მენთეშაშვილი, გიორგი კიკნაძე კი მესამე.

GT-ის კლასში პირველობა არავის დაუთმო ვასიკო ჭონიშვილმა. ლევან კვინიკაძე მეორე იყო, ვეტერანი ავტომრბოლი ზურაბ ბეჟაშვილი კი მესამე. მეოთხე ადგილი მერი გვასალიამ დაიკავა. 

ყველაზე დიდი ინტერესი გულშემატკივართა შორის ლეჯენდსის რბოლებმა გამოიწვია. ძალიან საინტერესო და დაძაბული სანახაობა ქომაგებმა ორჯერ იხილეს და ორივე შემთხვევაში პირველი ადგილი გიორგი ბეჟიტაშვილმა დაიკავა. პირველ რბოლაში მან არჩილ ბიძინაშვილს აჯობა, მეორეჯერ კი დავით ქაჯაიას. ბიძინაშვილმა და ქაჯაიამ მესამე ადგილები მონაცვლეობით დაიკავეს.

დღევანდელი საშეჯიბრო დღე დრიფტ-შოუთი დასრულდა.

საქართველოს ავტოსპორტის ასოციაციის ოფიციალური ინფორმაციით, ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი აგვისტოში გაიმართება - თარიღი უახლოეს მომავალში დაზუსტდება, სექტემბერში კი გულშემატკივრებს ბათუმის რბოლები ელით. წინასწარი ინფორმაციით, შეჯიბრება ქალაქის ქუჩებში ღამით გაიმართება.

კომენტარები