ავტორბოლა

საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი

14-15 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპს მასპინძლობს ლეჯენდსის, ფორმულა ალფას, ტურინგ 1500-ის და GT-ის კლასში.

დღეს საკვალიფიკაციო რბოლები გაიმართა, ხვალ, 9 საათიდან კი ფინალური შეჯიბრებები დაიწყება: 10:15 საათზე ტურინგ 1500-ის კლასში საკვალიფიკაციო რბოლა შედგება, 12 საათზე კი შეჯიბრება.

10:40 საათზე ტრასაზე გავლენ ლეჯენდსის კლასის მონაწილენი - საკვალიფიკაციო რბოლა გაიმართება, 14:35 წუთზე კი მთავარი პრიზის გათამაშება დაიწყება.

13:10 საათზე ფორმულა ალფას კლასის ავტომობილების რბოლაა დანიშნული.

საქართველოს ავტოსპორტის ასოციაციის ინიციატივით, ხვალვე გულშემატკივრები დრიფტ-შოუს იხილავენ. სანახაობა 14:15 საათისთვისაა დანიშნული და ნახევარ საათს გასტანს.

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი საფუძვლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ წელს გაიხსნა - საქართველოს ავტოსპორტის ასოციაციის პრეზიდენტს შოთა აბხაზავას წარმატებით განხორციელებული პროექტი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა.

ტრასის სიგრძე 4122 მეტრია და GP2-ის კატეგორიისაა. მასზე ფორმულა 1-ის რბოლების გარდა ყველა საერთაშორისო კლასის შეჯიბრების გამართვაა შესაძლებელი.

კომენტარები