რუსეთი

რუსი ოპოზიციონერები საზღვარგარეთ პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ

რუსეთის ოპოზიციური პარტიის ”სხვა რუსეთის” წევრი ალექსანდრ დოლმატოვი და მოძრაობა ”სოლიდარობის” აქტივისტი ანასტასია რიბაჩენკო საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ცდილობენ.

Svobodanews-ის ინფორმაციით, რუსმა ოპოზიციონერებმა ქვეყნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ საცხოვრებელ სახლებში 6 მაისს ბალოტნაიას მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩაატარეს.

გამოცემის ცნობით, დოლმატოვი ჰოლანდიის საელჩოს წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე შეხვდა. ხოლო რიბაჩენკო პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას გერმანიაში ცდილობს.

მოსკოვის ცენტრში გამართული საპროტესტო აქცია ”მილიონიანი მარში” პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკებით დასრულდა. მიტინგზე წესრიგის დარღვევისთვის 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 11 მათგანს კი პატიმრობა შეეფარდა.

 

კომენტარები