ოკუპირებული ტერიტორიები

აფხაზი ექსპერტი: ტერმინი „ოკუპაცია“ რუსეთისთვის მისაღები გახდა?

რუსეთის დელეგაციის პოზიციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხზე რეზოლუციასთან დაკავშირებით სოხუმში უკმაყოფილება გამოიწვია. აფხაზმა ექსპერტმა, „ხალხთა უფლებების დაცვის მოძრაობის“ კოორდინატორმა ბესლან კობახიამ აღშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუს პარლამენტარებს არასაკმარისად მკაცრი რეაქცია ჰქონდათ რეზოლუციის ტექსტზე, რომელშიც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად არიან მოხსენიებულნი.

9 ივლისს მონაკოში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანისკენ და ამ რეგიონებში ევროკავშირის დამკვირვებელთა დაშვებისკენ მოუწოდა. რუსული დელეგაცია ცდილობდა რეზოლუციის განხილვისთვის ხელი შეეშალა. თუმცა, კენჭისყრის დროს ხმა წინააღმდეგ არ მიუცია და მხოლოდ თავი შეიკავა. დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლაი კოვალიოვის განცხადებით, რეზოლუცია საერთო ჯამში „ტენდენციური და ანტირუსულია“, თუმცა, დოკუმენტში იყო „სწორი და გონივრული რაღაცეები, რის წინააღმდეგაც გამოსვლა არამიზანშეწონილი იქნებოდა“. რუსი დეპუტატის განცხადებით, რუსული დელეგაციის პოზიცია ამ საკითხებზე დაბალანსებული იყო, რათა „დაპირისპირება აბსურდამდე არ მიგვეყვანა“.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, მმართველი პარტიის წევრის პოზიცია ბესლან კობახიასთვის „სრულიად გაუგებარი“ აღმოჩნდა. „თუ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იღებს დოკუმენტს, რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ოკუპაცია“ ფიქსირდება, ნიშნავს თუ არა ეს ამ ოკუპაციის აღიარებას რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების მიერ?“ - კითხულობს კობახია.

„თუ ეს ასეა, ჩვენ ამ საკითხებზე რუსეთის ფედერაციის პოზიციის რადიკალური ცვლილების მოწმეები ვართ. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, ამ გადაწყვეტილებას უნდა მოჰყვეს „დეოკუპაცია“, ანუ რუსული ძალების გაყვანა ამ ქვეყნებიდან“, - აცხადებს აფხაზი ექსპერტი. თუმცა, მას კრემლის პოზიციის შეცვლის არ სჯერა და ამის დასადასტურებლად ვლადიმირ პუტინის მიერ ინაუგურაციის დღეს გაკეთებული გაცხადება მოჰყავს, რომლის თანახმად, მოსკოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს.

კობახია მოუწოდებს რუსეთის საგარეო უწყებას რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადების „დეზავუირება“ მიახდინოს და ასევე „გაანალიზოს, როგორც გახდა შესაძლებელი, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელს ქვეყნის პოზიციისგან განსხვავებული განცხადებები გაეკეთებინა“.

 

კომენტარები