შსს

ახალი დანიშვნები შსს-ში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების და უწყების დეპარტამენტების ახალი ხელმძღვანელების ვინაობა უკვე ცნობილია. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსს მინისტრის ახლად დანიშნულმა მოადგილემ , შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად ვახტანგ ბოჭორიშვილი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) უფროსად ლევან ქარდავა, სასაზღვრო პოლიციის უფროსად კი ნიკა ძიმცეიშვილი დაინიშნენ.

ძიმცეიშვილი ასევე შს მინისტრის მოადგილეც იქნება. მოადგილეების პოსტები შეინარჩუნეს ეკა ზღულაძემ, გია ლორთქიფანიძემ და შალვა ჯანაშვილმა. რაც შეეხება მინისტრის კიდევ ორ მოადგილეს, ამ თანამდებობაზე შოთა ხიზანიშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს შსს-ის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზეც რჩება. შს მინისტრის მოადგილის პოსტი დაიკავა ნოდარ ხარშილაძემაც, რომელიც აქამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

ახალი ხელმძღვანელი ჰყავს გენერალურ ინსპექციასაც, ამ პოსტზე გიორგი გეგეჭკორი თენგიზ გუნავამ შეცვალა.

თანამდებობებს ინარჩუნებენ თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ ვახტანგიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრიგალაშვილი.

რაც შეეხება საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას, შოთა უტიაშვილის ნაცვლად ამ პოსტს მინისტრის ახალი მოადგილე ნოდარ ხარშილაძე შეითავსებს.

 

კომენტარები