microsoft

Surface – ტაბლეტების ოჯახი Microsoft-ისგან

Microsoft-მა საზოგადოებას საკუთარი ტაბლეტის ოჯახი წარუდგინა. მისი სახელია Surface და ის წლის ბოლოდან გაიყიდება.

Surface ოჯახი ორი წევრისგან შედგება – Nvidia-ს ჩიპსეტზე მომუშავე Windows RT და Intel-ის ჩიპსეტით აღჭურვილი Windows 8 PRO. პირველი მოდელი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბრიდან იქნება, პროფესიული კი სამი თვის შემდეგ, წლის ბოლოსთვის.

Surface-ის ვიზუალური მახასიათებლები თითქმის ემთხვევა Apple-ის iPad-ის მახასიათებლებს. Microsoft-ის პროდუქტი 20 გრამით უფრო მძიმე (პროფესიული მოდელი 251 გრამით) და დაახლოებით 1 მილიმეტრით უფრო სქელია (პროფესიული მოდელი – 4 მილიმეტრით), ხოლო ორივე მოდიფიკაციის ეკრანი ერთი დუიმით დიდია iPad-ზე.

Windows RT მოდელი 32 და 64-გიგაბაიტიანი მეხსიერებით იქნება აღჭურვილი, პროფესიული მოდელი კი 64 და 128-გიგაბაიტიანი ვინჩესტერებით. iPad-ისგან განსხვავებით, Surface-ის შეფუთვაში მოჰყვება მყარ ზედაპირზე დასაყენებელი მოწყობილობა და ეკრანის დამცავი, რომელიც მოხსნის შემთხვევაში კლავიატურად გადაიქცევა.

პრეზენტაციაზე ღირებულების შესახებ კონკრეტული არაფერი თქმულა. მხოლოდ ის ვიცით, რომ Surface-ის პროფესიული ვერსიის ფასი დაახლოებით ულტრაბუქებისას დაემთხვევა, რაც საშუალოდ 1000 დოლარია.

უპასუხოდ დარჩა მნიშვნელოვანი კითხვა ბატარეის გამძლეობის შესახებ. Microsoft-ის გენერალური დირექტორი მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა – ის ყველას მოეწონება.

Microsoft-ის გადაწყვეტილებამ, ჩაერთოს კომპიუტერების წარმოებაში, მისი პარტნიორი კომპანიები დააბნია. ორი ათწლეულის განმავლობაში Microsoft-ი ქმნიდა ოპერაციულ სისტემას, რომელსაც ყიდულობდნენ კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები და საკუთარ პროდუქციაზე წერდნენ. დღეიდან კი იგი თავად არის კომპიუტერების მწარმოებელი.

ბიზნესანალიტიკოსები მსჯელობენ მოდელზე, რომელიც Microsoft-ს დაეხმარება მშვიდად გააგრძელოს მუშაობა დიდი ხნის პარტნიორებთან. ანალიტიკური კომპანია Moor Insights & Strategy-ის მკვლევრის, პატრიკ მურჰედის თქმით, იდეალური იქნება, თუ Microsoft-ი თავის პროდუქტს თუნდაც 100 დოლარით უფრო ძვირად გაყიდის პარტნიორების პროდუქტთან შედარებით.

HTC, HP და Acer ამ დრომდე კომენტარისგან თავს იკავებენ, ხოლო Lenovo და DELL მზად არიან გააგრძელონ კომპიუტერების და ტაბლეტების წარმოება, რომლებზეც ახალი თაობის Windows-ი იქნება ჩაწერილი.

კომენტარები