უკრაინა

უკრაინაში მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

უკრაინაში, კიევის ცენტრში მილიციასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მომიტინგეები რუსული ენის შესახებ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ, რომელიც ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად შემოღებას ითვალისწინებს. დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ხელი არ მოაწეროს. მათ ალყა შემოატყეს უკრაინული სახლის შენობას, სადაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს პრესკონფერენცია უნდა ჩაეტარებინა.

დღესვე პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა ვლადიმირ ლიტვინმა. რადის უკვე ყოფილმა სპიკერმა აღშფოთება გამოთქვა გუშინ ჩატარებული კენჭისყრის გამო, რომლის შედეგადაც აღნიშნული კანონპროექტი დაამტკიცეს. თავად ლიტვინი მოულოდნელად ჩატარებული კენჭისყრის დროს სხდომაზე არ იმყოფებოდა.

,,მოატყუეს უკრაინა, უკრაინელი ხალხი და მიმაჩნია, რომ ამ ტყუილის შედეგებს ჩვენ მოვიმკით. ამ პირობებში შეგიძლიათ ჩემი გადადგომის შესახებ განცხადება მიიღოთ.’’-განაცხადა ვლადიმირ ლიტვინმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

უკრაინის უმაღლესმა რადამ, გუშინ საღამოს საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი ენების შესახებ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროცედურის ჩაშლა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი კანონპროექტს ხელს მოაწერს, რუსული ენა რეგიონალური ენის სტატუსს მიიღებს იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსული მშობლიური ენაა სულ მცირე მოსახლეობის 10%-ისთვის. უკრაინის 27 ადმინისტრაციული ერთეულიდან ასეთი 13 ერთეულია. 

კომენტარები