ქართული ოცნება

ივანიშვილი მცხეთაში „შემდეგ სვლას“ გამოაცხადებს

მცხეთაში 1 ივლისს დაგეგმილ აქციაზე კოალიცია ქართული ოცნება „შემდეგი სვლის“ გამოცხადებას გეგმავს,რომელიც „ძალიან საინტერესო“ იქნება. ამის შესახებ დღეს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მან მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ისეთივე მუხტს ელოდება“, როგორც თბილისსა და გურიაში გამართულ აქციებზე. "საინტერესო გამოსვლებიც გვექნება, მაჟორიტარებსაც წარვადგენთ, მაგრამ ვალდებული ვართ, გავისარჯოთ და ერთად დავდგეთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და მათ უღირს ქმედებებს ღირსება უნდა დავუპირისპიროთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტიო დაგმო და ხელისუფლება ძალადობაში დაადანაშაულა. მან ასვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მის მოქალაქეობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესებს განზრახ აჭიანურებს.

ივანიშვილმა საჯარო მოხელეებიც გააფრთხილა. „მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ამდენ კანონდარღვევას არ ვაპატიებთ და ამაზე პასუხს აგებენ. ვისაც შეუძლია, გამაგრდეს, იქნებ წამოსვლაც სჯობდეს ამდენი კანონის დარღვევას და ზეწოლას დაქვემდებარებას. ცოტა ხანში მათ სააკაშვილი ვეღარ უშველის, რადგან თავის თავი ეყოლება საშველი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილი შეეხო ასევე აშშ-ს პოზიციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ამერიკა ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, რომელმაც მეგობრად გვცნო და საქართველოში დიდ ინვესტიციას ახორციელებს“. თუმცა, „მისი გაცურება ერთმა კაცმა მოახერხა“. კერძოდ, ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ვაშინგტონი „ცუდ დღეში ჩააგდო“ , რადგან აშშ-ს ხელისუფლებას გულწრფელად სწამდა, რომ ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება დემოკრატიულ სახელმწიფო ააშენებდა. თუმცა, ბილო მოვლენებმა აშშ-საც „თვალი აუხილა“, რასაც, ივანიშვილის თქმით, პოლიტიკაში მისმა გამოჩენამ ხელი შეუწყო.

კოალიციის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მომავალ არჩევნების გაყალბებას ვერ შეძლებს, რადგან ივანიშვილმა, მისი თქმით, გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი შექმნა, რაშიც „ძალიან დიდი ხარჯები ჩაიდო“.

 

კომენტარები