ევრო 2012: 1/2 ფინალი

იტალია 2:1 გერმანია

ევროპის მეთოთხმეტე ჩემპიონატის ფინალში ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული დაუპირისპირდება ერთმანეთს. გუშინ, ვარშავის ეროვნულ სტადიონზე გამართულ ნახევარფინალში ჩეზარე პრანდელის სკუადრა აძურამ 2:1 დაამარცხა იოახიმ ლიოვის გერმანია და 1 ივლისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში ესპანეთს შეხვდება. გამარჯვებული ანრი დელონეს სახელობის თასს ჩაიბარებს: წარმატების შემთხვევაში ესპანელები სამი ტრიუმფით გერმანიას გაუთანაბრდებიდიან, იტალიელები კი მეორე ტიტულით იმავე ესპანეთს და საფრანგეთს დაეწევიან.

იტალიის ნაკრებმა მეოთხედ ითამაშა ევროპირველობის ნახევარფინალში და მესამედ გავიდა ფინალში. საინტერესოა, რომ სკუადრა აძურამ პირველად მოიგო ნახევარფინალი ძირითად დროში: 1968 წელს აპენინელებმა საბჭოთა კავშირის ნაკრები მონეტის აგდების შემდეგ ჩამოიშორეს გზიდან, 1988 წელს იმავე სსრკ-სთან 0:2 დამარცხდნენ, 2000 წელს კი ჰოლანდიას პენალტების სერიაში აჯობეს. რაც შეეხება გერმანიას, ეს ბუნდესგუნდისთვის მერვე ნახევარფინალი იყო და მხოლოდ მეორე წარუმატებელი. გერმანია ამ ეტაპზე პირველად მხოლოდ 1988 წელს დამარცხდა - შინ ჰოლანდიასთან.

ვარშავაში იტალიის და გერმანიის ნაკრებთა 31-ე საერთაშორისო მატჩი გაიმართა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა აძურამ მეთხუთმეტედ აჯობა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ბუნდესგუნდს. საგულისხმოა, რომ გერმანიას იტალიისთვის ჯერაც ვერ მოუგია დიდ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე. რაც შეეხება უშუალოდ ევროპირველობებს, ეს მეტოქეთა მესამე პაექრობა იყო ფინალურ ეტაპზე: 1988 წელს მატჩი ჯგუფური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, 1996 წელს კი ისევ საწყის ეტაპზე გადაიკვეთა მათი გზები - ფრე 0:0.

თამაშის საწყისი წუთები ორმხრივ შეტევებში წარიმართა. იტალიის ნაკრები ორჯერ გადაურჩა გაშვებულ გოლს: ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ანდრეა პირლომ კარის ხაზზე შეაჩერა ბურთი, შემდეგ კი ანდრეა ბარძალიმ კინაღამ ავტოგოლი მიითვალა. რაც შეეხება გერმანელთა მეკარეს, მანუელ ნოიერმა ანტონიო კასანოს და მარიო ბალოტელის დარტყმული ბურთები მოიგერია.

ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა: მარიო ბალოტელიმ ჰოლგერ ბადშტუბერს პოზიციური ბრძოლა მოუგო და თავით გაიტანა ბურთი ნოიერის კარში - 1:0. ეს ბალოტელის მესამე გოლია ეროვნულ გუნდში, ამ ჩემპიონატზე კი მეორე. მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა ჯორჯო კიელინის და ანტონიო კასანოს დაწყებული შეტევა დააგვირგვინა.

36-ე წუთზე ნოიერის კარის ბადე კიდევ ერთხელ შეირხა და გოლი კვლავ ბალოტელიმ გაიტანა. ანტონიო კასანომ გრძელი და ძალიან ზუსტი პასით თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, კართან მიახლოვებულმა ფორვარდმა კი უძლიერესად დაარტყა და ნოიერს შანსი არ დაუტოვა - 2:0. გერმანიის ნაკრების კაპიტანი ფილიპ ლამი ბალოტელისთვის ხელის შეშლას კი ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ამ გოლით მარიო 3-3 გოლის გამტან ბომბარდირებს წამოეწია, მათ შორის გერმანელთა თავდამსხმელს, სეხნია გომესს.

მეორე ტაიმში იოახიმ ლიოვმა გარისკა: ჯერ ორივე თავდამსხმელი შეცვალა, შემდეგ კი ჯერომ ბოატენგის ნაცვლად თომას მიულერიც ჩართო თამაშში. ამას მოჰყვა ის, რომ ბუნდესნაკრების კარი მინიმუმ ოთხ გაშვებულ გოლს გადაურჩა - იტალიელებს ზუსტად რომ ეთამაშათ, მეტოქესს გაანადგურებდნენ. კარგი საგოლე შანსები კლაუდიო მარკიზიომ, იმავე მარიო ბალოტელიმ, შეცვლაზე შესულმა ანტონიო დი ნატალემ და ალესანდრო დიამანტიმ ვერ გამოიყენეს.

მსაჯის დამატებული დროის მეორე წუთზე გერმანიამ ერთი გოლი გაქვითა - მესუტ იოზილმა ზუსტად დაარტყა პენალტი - 2:1. მიუხედავად ამისა, იტალიამ მაინც გაიმარჯვა და გერმანიის ნაკრების რეკორდული სერია შეწყვიტა: ლიოვის გუნდმა ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ 15 გამარჯვების შემდეგ მარცხი იწვნია. სკუადრა აძურამ გერმანიას ზედიზედ მეორედ აჯობა ნახევარფინალში: 2006 წელს, გერმანიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე მარჩელო ლიპის იტალიამ იურგენ კლინსმანის გერმანია დამატებით დროში გატეხა - 2:0.

„ჩვენ ძალიან კარგი ნაკრები დავამარცხეთ, რადგან პირველივე წუთიდან ზუსტად ვიცოდით, თუ როგორ უნდა გვეთამაშა. მარიო ბალოტელი დღეს შეუდარებელი იყო, თუმცა ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა ჩემი გუნდის სხვა ფეხბურთელებზე! მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ზეიმის დრო ჯერ არ დამდგარა - წინ ფინალია. მიხარია, რომ გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება იმ ფეხბურთით მოვიპოვეთ, რასაც ამ ტურნირზე პირველივე წუთიდან ვაჩვენებთ,“ - განაცხადა გამარჯვებულთა თავკაცმა ჩეზარე პრანდელიმ.

მისი იტალია ბოლო ერთ წელიწადში მესამედ შეხვდება ვისენტე დელ ბოსკეს ესპანეთს: შარშან, 11 აგვისტოს სკუადრა აძურამ ამხანაგურ თამაშში აჯობე პირენეელებს 2:1, ევრო 2012-ის პირველ ტურში კი უგებდა, მაგრამ მხოლოდ ქულა მოიპოვა - 1:1.

* * *

28 ივნისი, 2012. ევრო 2012 –1/2 ფინალი. ვარშავა, ეროვნული, 48000

იტალია 2:1 გერმანია

გოლები: 1:0 მ.ბალოტელი (20), 2:0 მ.ბალოტელი (36), 2:1 მ.იოზილი (90)

იტალია: ჯ.ბუფონი (კაპ), ფ.ბალძარეტი, ლ.ბონუჩი, ა.ბარძალი, ჯ.კიელინი, ა.პირლო, დ.დე როსი, რ.მონტოლივო (ტ.მოტა 64), კ.მარკიზიო, ა.კასანო (ა.დიამანტი 58), მ.ბალოტელი (ა.დი ნატალე 70)

მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

გერმანია: მ.ნოიერი, ჰ.ბადშტუბერი, მ.ჰუმელსი, ჯ.ბოატენგი (თ.მიულერი 71), ფ.ლამი (კაპ), მ.იოზილი, ს.ხედირა, ლ.პოდოლსკი (მ.კლოზე 46), ტ.კროოსი, ბ.შვაინშტაიგერი, მ.გომესი (მ.როისი 46)

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

გაფრთხილება: მ.ბალოტელი, ლ.ბონუჩი, დ.დე როსი, ტ.მოტა, მ.ჰუმელსი

მსაჯები: ს.ლანუა (საფრანგეთი); ფ.კანო (საფრანგეთი), მ.ანონიე (საფრანგეთი)

კომენტარები