ევრო 2012: 1/2 ფინალი

ესპანეთი 0:0 (პენ 4:2) პორტუგალია

ესპანეთის ნაკრები ევრო 2012-ის პირველი ფინალისტია. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ძირითად და დამატებით დროში უგოლო ფრეს შემდეგ საფეხბურთო სატარეაში 4:2 აჯობა პაულო ბენტუს გაწვრთნილ პორტუგალიას.

70-იანი წლების დასავლეთ გერმანიის შემდეგ ესპანეთი პირველი გუნდია, რომელმაც მსოფლიოს და ევროჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. გერმანელებმა 1972 წელს ანრი დელონეს სახელობის თასი აღმართეს - ისტორიაში პირველად, ორი წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, 1976 წელს კი ევროპირველობის ფინალი პენალტების სერიაში წააგეს. ამ ესპანეთმა უკვე მოიგო ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები და ახლა რეკორდთან ახლოსაა.

დონეცკის დონბას არენაზე გუშინდელი პაექრობა ესპანეთის და პორტუგალიის ნაკრებთა 35-ე დაპირისპირება იყო. მეტოქეებმა მეცამეტედ ითამაშეს ფრედ, 16 მატჩი კი ესპანელებმა მოიგეს. ეს გუნდები ბოლოს 2010 წლის ნოემბერში შეხვდნენ ერთმანეთს: ამხანაგური შეხვედრა პორტუგალიაში გაიმართა და პაულო ბენტუს გუნდის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა - 4:0. რაც შეეხება ბოლო ოფიციალურ მატჩს, ის სამხრეთ აფრიკა 2010-ის მერვედფინალი იყო - დელ ბოსკეს გუნდმა დავიდ ვილიას ერთადერთი გოლით მოიგო.

პორტუგალიამ მეოთხედ ითამაშა ნახევარფინალში და მესამედ დამარცხდა, ესპანეთმა კი მეოთხედ და კვლავ გაიმარჯვა. და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ესპანელთა მეკარემ იკერ კასილიასმა ზედიზედ მეოთხედ შეინახა კარი გოლგაუშვებლად და ახლა მისი ბრწყინვალე სერია 419 წუთს შეადგენს, ეს კი კონტინენტის პირველობის ახალი რეკორდია. თუ ევრო 2008-ის თამაშებს გავიხსენებთ, გამოდის, რომ კასილიასმა ფინალური ეტაპის ბოლო რვა შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაუშვა - წლევანდელი ტურნირის პირველ თამაშში, იტალიასთან.

ევროპის ჩემპიონებმა შავი სამკლავურით იასპარეზეს: ბეტისის 23 წლის მცველი მიკი როკე სიმსივნით გარდაიცვალა და მის ხსოვნას ქვეყნის პირველმა გუნდმა პატივი მიაგო. თამაშს ლამაზი ნამდვილად არ ეთქმოდა. დაძაბული, ცხადია იყო, მაგრამ საგოლე მომენტები მხოლოდ შესვენების შემდეგ და ისიც, მხოლოდ ორჯერ შეიქმნა: ჯერ პორტუგალიელთა მეკარე რუი პატრისიუმ საოცარი ნახტომით მოიგერია ანდრეს ინიესტას ახლოდან დარტყმული ბურთი, შემდეგ კი ბენტუს გუნდმა ძალიან სახიფათო კონტრშეტევა ვერ დაასრულა კარგად - კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ ბურთი კასილიასის კარს ააცილა. დასამახსოვრებელი იყო ალვარო არბელოას სახიფათო დარტყმაც - ბურთი კარს მცირე მანძილით გადაცდა.

პენალტების სერია ესპანეთმა დაიწყო: ხაბი ალონსომ, ვისი დუბლითაც გუნდმა საფრანგეთი გამოთიშა ტურნირს, პატრისიუს ვერ აჯობა - 0:0. ვერ ჟოზე მოუტინიუმ შეაგდო - კასილიასმა მოიგერია დარტყმა - 0:0. მერე ინიესტამ, პეპემ, პიკემ, ნანიმ და სერხიო რამოსმა შეაგდეს გოლები. რამოსის დარტყმა განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა, ბრუნო ალვეშმა კი გადამწყვეტ მომენტში დააღალატა გუნდი - ბურთი ძელს გაარტყა.

ალვეშისგან განსხვავებით, ფაბრეგასს გაუმართლა - მისი დარტყმის შემდეგ ბურთუი ძელს მოხვდა, მაგრამ კარში შევარდა. 4:2 და ესპანეთი ფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ ოთხი წლის წინ, ავსტრია-შვეიცარიაში, ესპანელებმა მეოთხედფინალში იტალიას ასევე თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლიეს და გადამწყვეტი დარტყმა მაშინაც ფაბრეგასმა შეასრულა.

„მეტოქემ ბრწყინვალედ ითამაშა დაცვაში და საერთოდ, კარგი წინააღმდეგობა გაგვიწია. სწორედ ამიტომ ვერ შევქმენით სახიფათო მომენტები. მთლიანობაში, შედეგით კმაყოფილი ვარ და ვიცი რომ დიდებული ფინალი იქნება. აი, ვინ იქნება ჩვენი მეტოქეს, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. რაც შეეხება ხავის შეცვლას, მან ჩვეულად მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ ბოლოს დაღლა დაეტყო. სწორედ ამიტომ შევცვალეთ,“ - განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ პრესკონფერენციაზე.

მისი გუნდის მეტოქე დღევანდელ ნახევარფინალში გამოვლინდება: ვარშავის ეროვნულ სტადიონზე საფეხბურთო კლასიკაა - ბუნდესნაკრები სკუადრა აძურას წინააღმდეგ.

* * *

27 ივნისი, 2012. ევრო 2012 –1/2 ფინალი. დონეცკი, დონბას არენა, 48000

ესპანეთი 0:0 (დდ, პენ 4:2) პორტუგალია

პენალტები: ხ.ალონსო - 0:0 (მეკარე), ჟ.მოუტინიუ - 0:0 (მეკარე), ა.ინიესტა - 1:0, პეპე - 1:1, ხ.პიკე - 2:1, ნანი - 2:2, ს.რამოსი - 3:2, ბ.ალვეში - 3:2 (ხელი), ს.ფაბრეგასი - 4:2

ესპანეთი: ი.კასილიასი (კაპ), ა.არბელოა, ს.რამოსი, ხ.პიკე, ხ.ალაბა, ს.ბუსკეტსი, ხ.ალონსო, ხავი (პ.როდრიგესი 87), დ.სილვა (ხ.ნავასი 60), ა.ინიესტა, ა.ნეგრედო (ს.ფაბრეგასი 54)

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

პორტუგალია: რ.პატრისიუ, ფ.კოენტრაო, პეპე, ბ.ალვეში, ჟ.პერეირა, რ.მეირელეში (ს.ვარელა 113), მ.ველოსო (კუშტოდიუ 106), ჟ.მოუტინიუ, ნანი, კ.რონალდუ (კაპ), უ.ალმეიდა (ნ.ოლივეირა 81)

მწვრთნელი: პაულო ბენტუ

გაფრთხილება: ს.რამოსი, ფ.კოენტრაო, ს.ბუსკეტსი, პეპე, ჟ.პერეირა, ა.არბელოა, ბ.ალვეში, მ.ველოსო, ხ.ალონსო

მსაჯები: ქ.ჩაქირი (თურქეთი); ბ.დურანი (თურქეთი), ტ.ონგუნი (თურქეთი)

კომენტარები