გლობალ ტვ

პოლიცია ელიტა ბურჯის საწყობებში განთავსებული გლობალ ტვ-ის ანტენების დაყადაღებას ახორციელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ელიტა ბურჯთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, პროკურატურის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები კომპანიის ტერიტორიაზე არსებულ საწყობში განთავსებული გლობალ ტვ-ის ანტენების დაყადაღებას ახორციელებენ.

"კომპანია "ელიტა ბურჯის" ცენტრალურ და სხვა საწყობებში პოლიციის წარმომადგენელთა გამოცხადება განპირობებულია "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით. ზემოთ აღნიშნული ანტენების ძირითადი ნაწილი სწორედ "ელიტა ბურჯის" საწყობებშია განთავსებული.” - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ პოლიციელთა მოქმედება დაკავშირებულია ყადაღის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საპროცესო ღონისძიებასთან, რომელიც არ უკავშირედბა "ელიტა ბურჯის" სამეწარმეო საქმიანობის ან სხვაგვარი აქტივობის რევიზიას.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ელიტა ბურჯში" კრიმინალური პოლიცია და პროკურატურა კომპანიის ქონების დაყადაღების მიზნით შევიდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ შუამდგომლობით მიმართა.

 

კომენტარები