კომპანიები მადნეული და კვარციტი გაიყიდა

სს მადნეული და შპს კვარციტი კომპანია კაპიტალ ჯგუფმა შეიძინა, რომლის აქციონერები რუსი ბიზნესმენები - დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი არიან , - ამის შესახებ ნათქვამია მადნეულისა და კვარციტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

 კაპიტალ ჯგუფის მფლობელობაში შედის კომპანია NevaRus-ი, რომელიც სომხეთში სამთო-მომპოვებელ ბიზნესს ეწევა. 2011 წლის ოქტომბერში და 2012 წლის თებერვალში, საჯარო აუქციონში მონაწილეობის შედეგად, ჯგუფმა საქართველოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები ჯამში 204 მილიონ ლარად შეიძინა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოები რუსულ მედიაზე დაყრდნობჳთ იუწყებოდნენ, მადნეულისა და კვარციტის წინა მფლობელმა - კომპანია ჯეოპრო მაინინგმა, კომპანიები 120 მილიონ დოლარად გაყიდა. ჯეოპრო მაინინგი რუსული ბიზნესჯგუფ პრომიშლენი ინვესტორის შემადგენლობაში შედის.

2012 წლის 14 ივნისს სს "მადნეულის" და შპს "კვარციტის" გენერალურ დირექტორად დაინიშნა ვახტანგ ფარესიშვილი.

 "ამჟამად 10 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებულია გეოლოგიურ საძიებო სამუშაოებში, რაც ითვალისწინებს საძიებო სამუშაოების შესაძლო მოკლე ვადაში დასრულებას, მარაგების დამტკიცებას, წიაღისეული რესურსების მარაგების გაზრდასა და ათვისების ფაზაზე გადასვლას. ასევე, იგეგმება დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაც, რაც მოხმარდება მანქანა-დანადგარების გადაიარაღებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესობება-მოწყობას, სამთო ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.

კომპანიების პრიორიტეტად რჩება გარემოზე ზრუნვა. ეკოლოგიური პროექტების განხორციელების კუთხით, სს მადნეული და შპს კვარციტი გააგრძელებს სამომავლო ინვესტიციების გამოყოფას. ასევე კომპანიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება სოციალური პროექტების განხორციელება.

კომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის მიუხედავად, სს მადნეული და შპს კვარციტი უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. ქართული მადნისა და ოქროს წარმოება-გადამუშავებაზე ორივე კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 2000 ადამიანი", - ნათქვამია მადნეულისა და კვარციტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები