საქართველო-ევროკავშირი

ევროკავშირი საქართველოში ტოლერანტული და პლურალისტული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას მოელის

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგის მორიგი რაუნდი 26 ივნისს თბილისში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ელჩ ფილიპ დიმიტროვის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მან საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების მისიების სახელით გაავრცელა.

განცხადებნაში არნიშნულია, რომ დიალოგის წინა რაუნდის შემდეგ, რომელიც 2011 წლის ივნისში ჩატარდა, ქვეყანაში გაგრძელდა წინსვლა სამართლებრივი რეფორმის, აღმსარებლობის თავისუფლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ 2011 წლის მაისის შემდეგ ჩატარებული დემონსტრაციების უმეტესობა მოწესრიგებულად მიმდინარეობდა.

მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ევროკავშირი მოელის, რომ შემდგომი წინსვლა იქნება მიღწეული ტოლერანტული და პლურალისტული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისა და ზეწოლისა ან სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებულ განცხადებებზე სწრაფად რეაგირების მიმართულებით.

დისკუსიები ასევე შეეხება საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორისაა პატიმართა დიდი რაოდენობა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ანგარიშვალდებულება, უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირება და ადამიანის უფლებების მდგომარეობა სეპარატისტულ რეგიონებში.

ევროკავშირი კვლავ წამოჭრის შრომითი უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობის საკითხს, განსაკუთრებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის არსებული შეღავათიანი რეჟიმის - პრეფერენციების გენერალიზებული სისტემისა (GSP+) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების კონტექსტში.

დიალოგის მორიგი რაუნდის წინ, 21-22 ივნისს, ევროკავშირი ორგანიზებას გაუწევს სემინარს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, რომელზეც ყურადღება გამახვილდება სამართლისა და შრომის საკითხებზე.

 

კომენტარები