ევრო 2012

იტალია 2:0 ირლანდია

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი იტალია ირლანდიას მეთორმეტედ დაუპირისპირდა, ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე კი პირველად. განვლილი თერთმეტი მატჩიდან სკუადრა აძურამ შვიდი მოიგო და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. ბოლოს ეს გუნდები მსოფლიოს ან ევროპირველობებზე 1994 წელს, ამერიკაში გამართულ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე შეხვდნენ - ჯგუფის მატჩი ირლანდიელებმა 1:0 მოიგეს.

კონტინენტის პირველობის ერთ-ერთი ფავორიტის წინააღმდეგ ირლანდიელთა გამოცდილმა თავდამსხმელმა დემიენ დაფმა მეასედ მოირგო ნაკრების მაისური, ამ იუბილეს აღსანიშნავად კი გუნდისთავმა რობი კინმა დაფს კაპიტნის სამკლავური დაუთმო. ირლანდიელთა იტალიელმა თავკაცმა ჯოვანი ტრაპატონიმ ნაცადი შემადგენლობა გაიყვანა მინდორზე, ჩეზარე პრანდელიმ კი დაცვაში სამი მოთამაშე შეცვალა: იგნაციო აბატემ, ანდრეა ბარძალიმ და ფედერიკო ბალძარეტიმ გუშინ პირველად ითამაშეს ევრო 2012-ზე.

პირველი სახიფათო მომენტი 30-ე წუთზე შეიქმნა ირლანდიელთა საჯარიმოში: მცველებს ბურთის გამოტანა გაუჭირდათ, ანტონიო დი ნატალემ კარში დაარტყა, ბურთი კი შონ სენტ-ლეჯერს მხარში მოხვდა. რომ არა მცველი, შეი გივენის კარში გოლი გავიდოდა.

ამ მომენტს სკუადრა აძურას არანაკლებ სახიფათო თავდასხმები მოჰყვა: ტრაპატონის გუნდმა ჯერ დანიელე დე როსის შეტევა მოიგერია, რამდენიმე წამში კი შეი გივენმა ანდრეა პირლოს დარტყმული ბურთი ვერ შეიმაგრა - კუთხურზე გადაუვარდა.

ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. გოლი, რომელიც ანტონიო კასანომ შეაგდო, სწორედ ხსენებულ კუთხურს მოჰყვა: ანდრეა პირლოს ჩაწოდების შემდეგ იტალიელთა ფორვარდმა თავით გადაგზავნა ბურთი კარში - 1:0. მილანის ცენტრფორვარდმა ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით 32-ე შეხვედრაში მეათე გოლი შეაგდო. შეი გივენის კარში შეგდებული ბურთი კასანოსთვის მესამეა ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე: რვა წლის წინ, პორტუგალიაში, მან ჯერ შვედებს, მერე კი ბულგარელებს გაუტანა. და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ფეხბურთელი, ვისაც მშობლიური ქალაქის ბარის გულშემატკივრებმა „ბარელი მარგალიტი“ შეარქვეს, ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი იყო ევრო 2012-ის საკვალიფიკაციოში - ექვსი გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ თამაში პრანდელის გუნდის უდიდესი უპირატესობით განახლდა: დი ნატალეს, პირლოს, კასანოს და ბალძარეტის დარტყმების შემდეგ მცველები სამჯერ გადაეფარნენ ბურთს! რამდენიმეწუთიან მონაკვეთში აპენინელთა თავდასხმაში იუვენტუსელი მცველები ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალიც ვიხილეთ.

55-ე წუთზე იტალიელებმა კიდევ ერთი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს: ვეტერანი ანტონიო დი ნატალე გივენის საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და დაარტყა კიდეც, მაგრამ ირლანდიელთა კარის დარაჯმა ზუსტად შეარჩია პოზიცია და ბურთი იოლად დაიჭირა.

რამდენიმე წუთში ბუფონმა ითამაშა ბრწყინვალედ: კიტ ენდრიუსმა ძლიერად და ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, იუვენტუსის კარის დარაჯმა კი ბურთი გაჭირვებით უკუაგდო. საფინალო სასტვენამდე მსაჯმა ენდრიუსს წითელი ბარათი აუფრიალა.

ძირითადი დროის ბოლო წუთზე ტიფოზებმა მეორედ გაიხარეს: კუთხურის შემდეგ მარიო ბალოტელიმ ჩინებულად შეარჩია პოზიცია და ვარდნაში შეაგდო გოლი - 2:0. მანჩესტერ სიტის 21 წლის თავდამსხმელისთვის ეს მეორე გოლი იყო ნაკრებში: შარშან, 11 ნოემბერს, პოლონელებს ვარშავაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შეუგდო პირველი ბურთი.

იტალიამ 2:0 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა, ირლანდიამ კი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ჰოლანდიის დარად, ტურნირი უქულოდ დაასრულა. ჩეზარე პრანდელის გუნდი მეოთხედფინალს 24 ივნისს ჩაატარებს კიევში - D ჯგუფის პირველადგილოსანს შეხვდება.

* * *

18 ივნისი, 2012. ევრო 2012 – C ჯგუფი, III ტური. პოზნანი, მუნიციპალური

იტალია 2:0 ირლანდია

გოლები: 1:0 ა.კასანო (35), 2:0 მ.ბალოტელი (90)

იტალია: ჯ.ბუფონი (კაპ), ი.აბატე, ა.ბარძალი, ჯ.კიელინი (ლ.ბონუჩი 57), ფ.ბალძარეტი, ა.პირლო, კ.მარკიზიო, ტ.მოტა, დ.დე როსი, ა.კასანო (ა.დიამანტი 63), ა.დი ნატალე (მ.ბალოტელი 74)

მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

ირლანდია: შ.გივენი, ჯ.ოში, რ.დანი, შ.სენტ-ლეჯერი, ს.უორდი, ე.მაკგიდი (შ.ლონგი 65), გ.უელანი, კ.ენდრიუსი, დ.დაფი (კაპ), რ.კინი, კ.დოილი (ჯ.უოლტერსი 76)

მწვრთნელი: ჯოვანი ტრაპატონი (იტალია)

გაფრთხილება: ფ.ბალძარეტი, კ.ენდრიუსი, ჯ.ოში, დ.დე როსი, ჯ.ბუფონი, შ.სენტ-ლეჯერი, კ.ენდრიუსი

გაძევება: კ.ენდრიუსი (89)

მსაჯები: ქ.ჩაქირი (თურქეთი); ბ.დურანი (თურქეთი), ტ.ონგუნი (თურქეთი)

კომენტარები