ევრო 2012

იტალია 0:0 (პენ 4:2) ინგლისი

იტალიის ნაკრები მეოთხე ნახევარფინალისტი გახდა: ჩეზარე პრანდელის გაწვრთნილმა სკუადრა აძურამ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე კარგად ითამაშა, ძირითად და დამატებით დროში ინგლისს ყველა კომპონენტში აჯობა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თამაშიდან გოლი ვერ გაიტანა, პენალტების სერიაში მოიგო - 4:2.

სკუადრა აძურა ევროპის წინა პირველობაზე, ოთხი წლის წინ ავსტრია-შვეიცარიაში სწორედ მეოთხედფინალში დამარცხდა საფეხბურთო ლატარეაში ტურნირის მომავალ ჩემპიონთან ესპანეთთან, ამჯერად კი იმარჯვა. თავის მხრიც, ინგლისის ნაკრები ზედიზედ მეორედ გამოეთხოვა კონტინენტის პირველობას პენალტებში წაგებული მეოთხედფინალის გამო: 2004 წელს, პორტუგალიაში სვენ-გორან ერიქსონის ინგლისი ტურნირის მასპინძელ პორტუგალიასთან დამარცხდა. მაშინ დევიდ ბექემმა და დრიუს ვასელმა დააღალატეს გუნდი, ამჯერად კი სეხნიებმა, ეშლი იანგმა და ეშლი კოულმა. ევრო 2008-ზე ინგლისს არ უთამაშია.

როი ჰოჯსონის ინგლისმა ევროპირველობა დაუმარცხებლად დაასრულა, ისე კი, ნაკრების სათავეში მილანის ინტერის ყოფილი თავკაცის მისვლის შემდეგ, ფეხბურთის სამშობლოს ნაკრები ექვსი თამაშია წაუგებელია: კორეა-იაპონიაში ჩასვლამდე ინგლისელებმა ამხანაგურებში ნორვეგიას და ბელგიას სძლიეს.

კიევის ოლიმპიურ სტადიონზე იტალიის და ინგლისის ნაკრებები 23-ედ დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. ამ თამაშებიდან ბრიტანელებმა 7-ჯერ იმარჯვეს, აპენინელებმა კი ორით მეტი თამაში მოიგეს. ეს იყო მეტოქეთა მეორე დაპირისპირება ევროჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე: 1980 წელს, იტალიაში გამართულ ტურნირში მასპინძლებმა მარკო ტარდელის ერთადერთი გოლით გაიმარჯვეს.

პირველი სახიფათო მომენტები საწყის ხუთ წუთში შეიქმნა: ჯერ დანიელე დე როსის შორიდან დარტყმული ბურთი მოხვდა ჯო ჰარტის კარის ძელს, რამდენიმე წამში კი იტალიელთა კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა გადაარჩინა გუნდი - გლენ ჯონსონის ორი მეტრიდან დარტყმული ბურთი სასწაული რეაქციით დაიჭირა. სკუადრა აძურად კარის დარაჯმა გუშინ 116-ე შეხვედრა ჩაატარა ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით.

ამის შემდეგ რამდენიმე საგოლე შანსი ვერ გამოიყენა მარიო ბალოტელიმ: ორჯერ ინგლისელთა მეკარეს და თანაკლუბელს, ჯო ჰარტს ვერ აჯობა, ერთხელ ბრწყინვალედ მოთამაშე ჯონ ტერიმ არ აცალა დარტყმა; კარგი შანსი გაუშვა ხელიდან ანტონიო კასანომ; არ გაუმართლა დანიელე დე როსის; ინგლისელთა კარის ძელს დიამანტის დარტყმის შემდეგ კიდევ ერთხელ მოხვდა ბურთი; ანტონიო ნოჩერინომ გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა სამართლიანად დააფიქსირა თამაშგარე...

პენალტების სერია სკუადრა აძურამ დაიწყო: მარიო ბალოტელიმ ჰარტს მარჯვენა კუთხეში გაუტანა - 1:0. ჯერარდმაც მარჯვნივ დაარტყა - ბუფონი ბურთს ვერ მიწვდა - 1:1. მერე რიკარდო მონტოლივოს ჯერი დადგა - ბურთი კარს ააცილა - 1:1. უეინ რუნიმ შანსი ხელიდან არ გაუშვა - 2:1. ამის მერე პენალტის ნიშნულთან ანდრეა პირლო მივიდა და დიდოსტატურად ითამაშა - მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ნახევარმცველმა პანენკას სტილში გაიტანა - 2:2.

ინგლისელთა უბედობაც ანგარიშის გათანაბრებისთანავე დაიწყო: ეშლი იანგის დარტყმული ბურთი კარის ხარიხას მოხვდა - 2:2, ანტონიო ნოჩერინომ კი იტალია წინ გაიყვანა - 3:2. მერე ბურთთან ეშლი კოული მივიდა: ჩემპიონთა ლიგის მომგებმა მცველმა, ვინც გუშინ 98-ედ გავიდა მინდორზე ნაკრების მაისურით, ჯიჯი ბუფონს ვერ აჯობა - მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო მეკარემ ბურთი დაიჭირა - 3:2.

იტალიელთა მეხუთე დარტყმა ბოლონიას შემტევმა ნახევარმცველმა ანტონიო დიამანტიმ შეასრულა: გოლი გაიტანა და სკუადრა აძურაც ნახევარფინალში გავიდა.

28 ივნისს, ვარშავის ეროვნულ სტადიონზე მსოფლიოს ოთხგის ჩემპიონი იტალია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ გერმანიას დაუპირისპირდება. ბუნდესგუნდს აძურასთან ბოლო ოფიციალური მატჩი მწარედ ახსოვს: 2006 წელს, გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი მარჩელო ლიპის იტალიამ დამატებით დროში 2:0 მოიგო.

გერმანიას მსოფლიოს და ევროპის პირველობები სამ-სამჯერ მოუგია, მაგრამ ამ ტურნირების ფინალურ ეტაპზე ჯერ იტალიასთან არასდროს გაუხარია.

* * *

24 ივნისი, 2012. ევრო 2012 –1/4 ფინალი. კიევი, ოლიმპიური, 64340

იტალია 0:0 (დდ, პენ 4:2) ინგლისი

პენალტები: მ.ბალოტელი - 1:0, ს.ჯერარდი - 1:1, რ.მონტოლივო - 1:1 (ააცილა), უ.რუნი - 1:2, ა.პირლო - 2:2, ე.იანგი - 2:2 (ხარიხა), ა.ნოჩერინო - 3:2, ე.კოული - 3:2 (მეკარე), ა.დიამანტი - 4:2

იტალია: ჯ.ბუფონი (კაპ), ა.ბარძალი, ლ.ბონუჩი, ფ.ბალძარეტი, ი.აბატე (კ.მაჯიო 91),  კ.მარკიზიო, ა.პირლო, რ.მონტოლივო, დ.დე როსი (ა.ნოჩერინო 80), მ.ბალოტელი, ა.კასანო (ა.დიამანტი 78)

მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

ინგლისი: ჯ.ჰარტი, ე.კოული, გ.ჯონსონი, ჯ.ტერი, ჯ.ლესკოტი, ს.პარკერი (ჯ.ჰენდერსონი 94), ს.ჯერარდი (კაპ), ჯ.მილნერი (თ.უოლკოტი 61), ე.იანგი, უ.რუნი, დ.უელბეკი (ე.კეროლი 60)

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

გაფრთხილება: ა.ბარძალი, კ.მაჯიო

მსაჯები: პ.პროენშა (პორტუგალია); ბ.მირანდა (პორტუგალია), რ.სანტუში (პორტუგალია)

კომენტარები