ევრო 2012

ესპანეთი 1:0 ხორვატია

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალურ ეტაპზე პირველად დაუპირისპირდა ხორვატიას, ისე კი, ეს იყო ამ გუნდების მეხუთე საერთაშორისო მატჩი. წინა ოთხი პაექრობიდან ესპანელებმა ორი მოიგეს და მხოლოდ ერთი წააგეს.

პირველი რეალური საგოლე მომენტი თამაშის დაწყებიდან ზუსტად ერთ საათში შეიქმნა: ხორვატების ელვისებური იერიში ლუკა მოდრიჩმა საჯარიმოში ჩაწოდებით გააგრძელა, იქ კი ივან რაკიტიჩმა თავით დაარტყა, მაგრამ დიდებულად ითამაშა ჩემპიონთა კაპიტანმა - იკერ კასილიასმა ბურთი უკუაგდო! მადრიდის რეალის მეკარემ ბალკანელთა წინააღმდეგ 134-ე შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში.

ხორვატთა ამ შეტევის შემდეგ ესპანეთიც გააქტიურდა: სტიპე პლეტიკოსას კართან არეულობამაც იმატა და კუთხურებმაც. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა ფლანგებიდან სერხიო რამოსით და ფერნანდო ტორესის ნაცვლად თამაშში ჩართული ხესუს ნავასით შეუტიეს, შუიდან კი ბარსელონას ლიდერები ხავი და ანდრეს ინიესტა აქტიურობდნენ.

78-ე წუთზე გოლის გატანის ჩინებული შანსი ჰქონდა სესკ ფაბრეგასს: ანდრეს ინიესტას პასის შემდეგ ხელს არავინ უშლიდა და დარტყმაც შეეძლო, მაგრამ ბარსელონას შუახაზელმა კიდევ ერთი ხორვატი მცველის მოტყუება გადაწყვიტა, ამის საშუალება კი, ცხადია არ მისცეს. ფაბრეგასი დავიდ სილვას ნაცვლად შევიდა მინდორზე.

ამ მომენტის შემდეგ კასილიასმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა: შეცვლაზე შესული ივან პერიშიჩის ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია. იქვე დელ ბოსკეს გუნდმა კიდევ ერთი შანსი ვერ გამოიყენა: რიცხვობრივი უპირატესობის მიუხედავად, ხორვატთა საჯარიმოს მიახლოვებული სერხიო ბუსკეტსი რატომღაც შეყოვნდა, ეს კი მცველებს შეტევის ჩასაშლელად, ცხადია, ეყოთ.

ფიფას რეიტინგის ლიდერმა გოლი მაინც გაიტანა. 88-ე წუთზე ბალკანელები თამაშგარე მდგომარეობის ხელოვნურად შექმნისას შეცდნენ და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანდრეს ინიესტამ ცარიელ კართან დარჩენილ ხესუს ნავასს მიაწოდა ბურთი. სევილიას გარემარბი ბურთიანად შევიდა პლეტიკოსას კარში - 1:0.

თამაში ასეც დასრულდა და ესპანეთი მეოთხედფინალში ჯგუფის გამარჯვებულის სტატუსით გავიდა. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის პირველი მეტოქე ფლეიოფში D ჯგუფის მეოთხეადგილოსანი იქნება. მატჩს 23 ივნისს დონეცკის დონბას არენა უმასპინძლებს.

რაც შეეხება ხორვატიას, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ეს გუნდი ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით იასპარეზებს. სლავენ ბილიჩმა, ვინც 2006 წლიდან წვრთნიდა ნაკრებს, ჯერ კიდევ ევროპირველობის დაწყებამდე გააფორმა კონტრაქტი მოსკოვის ლოკომოტივთან.

* * *

18 ივნისი, 2012. ევრო 2012 – C ჯგუფი, III ტური. გდანსკი, PGA არენა

ესპანეთი 1:0 ხორვატია

გოლი: 1:0 ხ.ნავასი (88)

ესპანეთი: ი.კასილიასი (კაპ), ა.არბელოა, ხ.პიკე, ს.რამოსი, ხ.ალაბა, ხავი (ა.ნეგრედო 89), ს.ბუსკეტსი, ხ.ალონსო, დ.სილვა (ს.ფაბრეგასი 73), ა.ინიესტა, ფ.ტორესი (ხ.ნავასი 61)

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

ხორვატია: ს.პლეტიკოსა, დ.ვიდა (ნ.იელავიჩი 66), ვ.ჩორლუკა, გ.შილდენფელდი, ი.სტრინიჩი, ო.ვუკოიევიჩი (ედუარდო 81), ი.რაკიტიჩი, დ.სრნა (კაპ), ლ.მოდრიჩი, დ.პრანჯიჩი (ი.პერიშიჩი 65), მ.მანჯუკიჩი

მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გაფრთხილება: ვ.ჩორლუკა, დ.სრნა, ი.სტრინიჩი, მ.მანჯუკიჩი, ი.რაკიტიჩი

მსაჯები: ვ.შტარკი (გერმანია); ი-ჰ.სალვერი (გერმანია), მ.პიკელი (გერმანია)

კომენტარები