ივანიშვილი პოლიტიკაში

კახა ბენდუქიძე: ივანიშვილის მიერ დაპირებული პენსიის გაზრდა სუფთა წყლის პოპულიზმია

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებლის კახა ბენდუქიძის შეფასებით, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებული პენსიის გაზრდა სუფთა წყლის პოპულიზმია. ამის შესახებ კახა ბენდუქიძემ Коммерсантъ Власть - თან ინტერვიუში განაცხადა.

”ჩვენთან მიზნობრივი დახმარების სისტემა არსებობს. იმ ადამიანებიდან, რომლებსაც ეს სჭირდებათ, ზოგიერთი ჯანდაცვის დაზღვევას, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კი ასევე ფულად დახმარებას იღებს. ეს არა მხოლოდ პენსიონრები არიან – ადამიანი შეიძლება, 40 წლის იყოს, მაგრამ მან შრომის უნარი დაკარგა, ცხოვრობს სიღარიბეში და დახმარება სჭირდება. თუ სიტუაციის რეალურად გაუმჯობესება გსურს, ზუსტად იმაზე უნდა იზრუნო, რა შეიძლება, გაუკეთო იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ მდგომარეობაში არიან. რადგან პენსიონრები სხვადასხვა სახისაა. თუ შედეგი გსურს, უნდა დაეხმარო მათ, ვისაც ეს სჭირდება.” -  აღნიშნა კახა ბენდუქიძემ Коммерсантъ Власть - თან ინტერვიუში.

მისი განცხადებით, ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, თუ ქართული ოცნების წევრები საკუთარი პოპულისტური განცხადებების როგორც განვითარების გეგმის გამოყენებას დაიწყებენ, ეკონომიკაში სიტუაცია გაუარესდება და ბიზნესი ამას სწრაფად იგრძნობს.

“ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ვალი გაიზრდება. ამ გუნდში მხოლოდ რამდენიმე ისეთ ადამიანს ვხედავ, რომლებიც ქრთამს არ აიღებენ, დანარჩენები კი ვფიქრობ, რომ აიღებენ. ჩემი აზრით, მათი ხელისუფლებაში მოსვლა საკმაოდ ფანტასტიკური სცენარია”. - განაცხადა ბედნუქიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ხშირად ცდებოდა და ცდება, თუმცა ოპოზიცია რეალური შეცდომების სრულ იგნორირებას ახდენს და სრულიად სხვაზე აკეთებს აქცენტს.

”ოპოზიციური ძალები უბრალოდ ამბობენ, მოდი, ხელისუფლებამ დაასახელოს ერთი თანხა, ჩვენი კი უფრო მეტს დავასახელებთ. პოლიტიკურად ეს ძალიან სუსტი რამაა.” - აღნიშნა კახა ბენდუქიძემ.

 

 

კომენტარები