ევრო 2012

საბერძნეთი 1:0 რუსეთი

ევრო 2004-ის ტრიუმფატორმა საბერძნეთის ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტი რუსეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. პორტუგალიელი სპეციალისტის ფერნანდო სანტუშის გუნდი 22 ივნისს, გდანსკში B ჯგუფის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

პირველ ტაიმში ყველაზე სახიფათო მომენტი მე-40 წუთზე შეიქმნა: იური ჟირკოვმა ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი საბერძნეთის ნაკრების კარს გადაცდა. რუსეთის ნაკრების მცველი მარჯვენა ფლანგიდან უტევდა.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე უხეშად შეცდა სერგეი იგნაშევიჩი, რასაც მალაფეევის კარში გოლი მოჰყვა. აუტის შემდეგ უკანახაზელმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, მეურვის გარეშე დარჩენილი ბერძნების კაპიტანი გიორგოს კარაგუნისი კი ძალიან სწრაფად შეიჭრა საჯარიმოში და უძლიერესად დაარტყა - 1:0. კარაგუნისმა ქვეყნის პირველ გუნდში ჩატარებულ 120-ე მატჩში მე-9 გოლი გაიტანა.

62-ე წუთზე მსაჯმა გოლის ავტორი გააფრთხილა. ფერნანდო სანტუშის გუნდის კაპიტანი საჯარიმოში შეიჭრა და წაიქცა, არბიტრმა კი ჩათვალა, რომ ფეხბურთელმა მისი შეცდომაში შეყვანა სცადა. ვიდეოგამეორებით გამოჩნდა, რომ კარაგუნისი სერგეი იგნაშევიჩთან კონტაქტის შემდეგ წაიქცა - რუსეთის ნაკრების ცენტრალურ მცველის ფეხს წამოედო. ყვითელი ბარათის შემდეგ სანტუშმა კაპიტანი მალევე შეცვალა. ამ გაფრთხილების გამო კარაგუნისი მეოთხედფინალს გამოტოვებს.

* * *

16 ივნისი, 2012. ევრო 2012 – A ჯგუფი, III ტური. ვარშავა, ეროვნული,

საბერძნეთი 1:0 რუსეთი

გოლები: 1:0 გ.კარაგუნისი (45)

საბერძნეთი: მ.სიფაკისი, ვ.ტოროსიდისი, ს.პაპასტათოპულოსი, კ.პაპადოპულოსი, გ.ცაველასი, კ.კაცურანისი, ი.მანიატისი, დ.სალპიგიდისი (ს.ნინისი 83), გ.კარაგუნისი (კაპ) (გ.მაკოსი 67), გ.სამარასი, თ.გეკასი (ხ.ჰოლებასი 64)

მწვრთნელი: ფერნანდო სანტუში (პორტუგალია)

რუსეთი: ვ.მალაფეევი, ა.ანიუკოვი (მ.იზმაილოვი 81), ა.ბერეზუცკი, ს.იგნაშევიჩი, ი.ჟირკოვი, რ.შიროკოვი, ი.დენისოვი, დ.გლუშაკოვი (პ.პოგრებნიაკი 72), ა.ძაგოევი, ა.კერჟაკოვი (რ.პავლიუჩენკო 46), ა.არშავინი (კაპ)

მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი (ჰოლანდია)

გაფრთხილება: გ.კარაგუნისი, ა.ანიუკოვი, ი.ჟირკოვი, ა.ძაგოევი, პ.პოგრებნიაკი

მსაჯები: ი.ერიკსონი (შვედეთი); ს.ვიტბერგი (შვედეთი), მ.კლასენიუსი (შვედეთი)

კომენტარები