ევრო 2012

პოლონეთი 0:1 ჩეხეთი

ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელი პოლონეთი კონტინენტის ჩემპიონატს გამოეთხოვა: ფრანციშეკ სმუდას გუნდი უკანასკნელ ტურში 0:1 დამარცხდა ჩეხეთთან და ორი ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. პოლონელებმა მეორედ ითამაშეს ევროპის ჩემპიონატზე და კვლავ ქვეჯგუფში ჩარჩნენ. მათ ოთხი წლის წინ, ავსტრია-შვეიცარიაშიც მოეცარათ ხელი.

პირველი საგოლე მომენტი ფრანციშეკ სმუდას ფეხბურთელებმა შექმნეს: პოლონელებმა მარჯვენა ფლანგიდან დაიწყეს შეტევა, მოკლე პასებით ბურთი მარცხნივ გადაიტანეს, მაგრამ საჯარიმოში შეჭრილმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბურთი პეტრ ჩეხის კარს ააცილა. ლონდონის ჩელსის მეკარე ამ შეხვედრაში კაპიტნის სამკლავურით გავიდა - ტომაშ როსიცკის არყოფნაში გუნდი მინდორზე გაიყვანა.

მასპინძელთა უპირატესობით დაწყებული თამაში ტაიმის შუაში ნელ-ნელა გათანაბრდა და მალე ტერიტორიული უპირატესობა ჩეხებმა მოიპოვეს: პოლონელთა მეკარე ტიტონმა რამდენიმე სახიფათო შეტევა მოიგერია, ერთ მომენტში კი, მილან ბაროშის დარტყმის შემდეგ, შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა - გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

42-ე წუთზე პოლონელებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს, საჯარიმოში შესულმა მაცეი მურავსკიმ დაარტყა კიდეც, მაგრამ, ჩეხეთის ნაკრების მცველებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. შეტევაც აქ დასრულდა - კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მიხალ ბილეკის გუნდმა უპრობლემოდ გამოიტანა საჯარიმოდან.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჩეხებმა ზეწოლას უმატეს, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, 72-ე წუთზე კი გოლიც გაიტანეს: საჯარიმოში შეჭრილმა პეტრ ჟირაჩეკმა ლამაზი მოძრაობით ჩამოიშორა მცველი და ტიტონს შორეულ კუთხეში გაუტანა - 1:0. გერმანიის ვოლფსბურგის 26 წლის ნახევარმცველმა ქვეყნის პირველ გუნდში მესამე გოლი გაიტანა. შეგახსენებთ: ოთხი დღით ადრე ჩეხებმა საბერძნეთი 2:1 დაამარცხეს და ამ თამაშში პირველი ბურთი სწორედ ჟირაჩეკმა შეაგდო.

ნახევარმცველის ეს დარტყმა გადამწყვეტი გამოდგა - მიხალ ბილეკის გუნდი მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა! 21 ივნისს, ფლეი-ოფის პირველ წრეში ჩეხები ვარშავაში B ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება.

* * *

16 ივნისი, 2012. ევრო 2012 – A ჯგუფი, III ტური. ვროცლავი, მუნიციპალური

პოლონეთი 0:1 ჩეხეთი

გოლი: 0:1 პ.ჟირაჩეკი (72)

პოლონეთი: პ.ტიტონი, ლ.პიშჩეკი, მ.ვასილევსკი, დ.პერკუისი, ს.ბოენიში, დ.დუდკა, ე.პოლანსკი (კ.გროსიცკი 56), ი.ბლაშჩიკოვსკი (კაპ), რ.მურავსკი (პ.ბროჟეკი 73), ლ.ობრანიაკი (რ.მერჟეიევსკი 73), რ.ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ფრანციშეკ სმუდა

ჩეხეთი: პ.ჩეხი (კაპ), თ.გებრე სელასიე, ტ.სივოკი, მ.კადლეცი, დ.ლიმბერსკი, ტ.ჰუბშმანი, ი.პლასილი, პ.ჟირაჩეკი (ფ.რაიტორალი 84), დ.კოლარი, ვ.პილარი (ი.რეზეკი 87), მ.ბაროში (ტ.პეხარტი 90)

მწვრთნელი: მიხალ ბილეკი

გაფრთხილება: დ.ლიმბერსკი, რ.მურავსკი, ე.პოლანსკი, მ.ვასილევსკი, ი.ბლაშჩიკოვსკი, ი.პლასილი, დ.პერკუისი, ტ.პეხარტი

მსაჯები: კ.ტომსონი (შოტლანდია); ა.როსი (შოტლანდია), დ.როუზი (შოტლანდია)

კომენტარები