ეთიოპია

ეთიოპიაში Skype აკრძალეს

ეთიოპიაში აუდიო-ვიდეო კომუნიკაცია ინტერნეტის საშუალებით კანონით აიკრძალა. როგორც „ალ-ჯაზირა“ იტყობინება, ქვეყანაში კანონი ძალაში ჯერ კიდევ მაისში შევიდა, თუმცა ამის შესახებ საერთაშორისო მედია-საშუალებებისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

აკრძალვები, ძირითადად, ისეთ სერვისებს ეხება, როგორებიცაა Skype და Google Talk. მათ მომხმარებელს ეთიოპიაში თავისუფლების თხუთმეტი წლით აღკვეთა ემუქრება. ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოების დაცვას უკავშირებს.

ახალი კანონი ასევე უფლებას ანიჭებს კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს, გააკონტროლოს და გასცეს ლიცენზიები არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ქვეყანაში ინფორმაციის გადამცემი მოწყობილობების იმპორტს ახორციელებენ.

საყურადღებოა, რომ 2010 წლის დასასრულისთვის, ეთიოპიაში ინტერნეტთან წვდომა მოსახლეობის მხოლოდ 0.8 პროცენტს ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის მთავრობა აქტიურად ებრძვის ანონიმურობას ვებ-სივრცეში და კრძალავს Tor-ის სერვისის გამოყენებას.  

კომენტარები