ევრო 2012

უკრაინა 0:2 საფრანგეთი

მასპინძელთა და საფრანგეთის ნაკრების თამაში ხუთი წუთის დაწყებული იყო, როცა ჰოლანდიელმა არბიტრმა ბიორნ კუიპერსმა გუნდებს გასახდელისკენ მიუთითა - თავსხმა წვიმის გამო მსაჯმა მატჩი შეწყვიტა. თავდაპირველად თამაში ნახევარი საათით გადაიდო, თუმცა მოგვიანებით კიდევ 30 წუთით გადაწიეს.

საბედნიეროდ, დონეცკის თავზე ცალე ნელ-ნელა მოიწმინდა, წვიმამაც იკლო და მატჩის შეწყვეტიდან ზუსტად 55 წუთში გუნდები კვლავ გავიდნენ მოედანზე - მსაჯმა დროის ათვლა მეხუთე წუთიდან დაიწყო. სანამ თამაში განახლდებოდა, დონეცკის შახტარის საშინაო სარბიელის, დონბას არენას მინდვრის საფარი უეფას ოფიციალურმა პირებმა საგულდაგულოდ შეამოწმეს.

28-ე წუთზე ფრანგების ძალიან სახიფათო შეტევა უკრაინელთა ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელის ანატოლი ტიმოშჩუკის უხეში შეცდომით დაიწყო და მეკარე ანდრეი პიატოვის ბრწყინვალე თამაშით დასრულდა - დონეცკის შახტარის მეკარემ პირისპირ გასულ ჟერემი მენეზს არ გაატანინა. შეხვედრის განახლების შემდეგ ეს იყო ყველაზე სახიფათო მომენტი, მანამდე კი მეტოქეებმა თითო სახიფათო შეტევა გაცვალეს - ორივე შემთხვევაში ბურთი კარს აცდა.

33-ე წუთზე უკრაინის ნაკრებმა კარგი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა: კაპიტანმა შევჩენკომ ბრწყინვალედ ითამაშა, საჯარიმოში შეჭრილმა მახვილი კუთხიდან ძალიან ძლიერად და ზუსტად დაარტყა, მაგრამ ბურთი უგო ლორისმა მოიგერია. ორ წუთში ფრანგების მეკარეს ბურთის აუტზე მოგერიება მოუხდა - მცველი კიევის დინამოს ამომავალ ვარსკვლავს ანდრეი იარმოლენკოს ვერ გამოუკლავდა.

ტაიმის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე ანდრეი პიატოვმა ფილიპ მექსეს ძალიან სახიფათო თავური დარტყმა მოიგერია. მილანის მცველმა სამირ ნასრის საჯარიმო დარტყმის შემდეგ დაჯაბნა მეურვე.

მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში ოლეგ ბლოხინის გუნდმა ორი გოლის გაშვება მოახერხა. 53-ე წუთზე ჟერემი მენეზმა თანაგუნდელთა სწრაფი შეტევა დააგვირგვინა ზუსტი დარტყმით - დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან მყოფმა გაიტანა გოლი. უკრაინელთა მეკარეს დარტყმის მომენტი გამოეპარა და გადახტომა დააგვიანა - 0:1. პარი სენ-ჟერმენის 25 წლის გარემარბისთვის ეს მეორე სანაკრებო გოლი იყო. პირველი ბურთი მან ათი დღის წინ, ლე მანში გაიტანა ესტონეთთან 4:0 მოგებულ ამხანაგურ მატჩში.

სამ წუთში ლორან ბლანის გუნდის უპირატესობა გაიზარდა: ნიუკასლ იუნაიტედის ნახევარმცველმა იოან კაბაიემ გაიტანა გოლი. მენეზისგან განსხვავებით, 26 წლის ფეხბურთელმა ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით პირველად გაიხარა. რამდენიმე წუთში მასვე კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.

მეორე გოლის შემდეგ თამაშის ტემპი საგრძნობლად დაეცა და ერთადერთი სახიფათო მომენტი დარჩენილ დროში მხოლოდ 86-ე წუთზე შეიქმნა: სამირ ნასრის მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი პიატოვმა კუთხურზე მოიგერია.

საბოლოოდ, საფრანგეთის ნაკრებმა 2:0 მოიგო და უკრაინელებთან წაუგებელი სერია განაგრძო: ევროპის ორგზის ჩემპიონებმა მეტოქეს შვიდი მატჩიდან ოთხი მოუგეს, მათ შორის ბოლო ამხანაგური ამავე სტადიონზე 4:1.

უკანასკნელ ტურში ლორან ბლანის გუნდი შვედეთს დაუპირისპირდება. ბოლოს მათი გზები კონტინენტის პირველობებზე ზუსტად ოცი წლის წინ, შვედეთში გადაიკვეთა - სტოკჰოლმში გამართული თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

* * *

15 ივნისი, 2012. ევრო 2012 – D ჯგუფი, II ტური. დონეცკი, დონბას არენა, 48000

უკრაინა 0:2 საფრანგეთი

გოლები: 0:1 ჟ.მენეზი (53), 0:2 ი.კაბაიე (56)

უკრაინა: ა.პიატოვი, ო.გუსევი, ტ.მიხალიკი, ე.ხაჩერიდი, ი.სელინი, ა.ტიმოშჩუკი, ა.ვორონინი (მ.დევიჩი 46), ა.იარმოლენკო (ა.ალიევი 68), ს.ნაზარენკო (ა.მილევსკი 60), ე.კონოპლიანკა, ა.შევჩენკო (კაპ)

მწვრთნელი: ოლეგ ბლოხინი

საფრანგეთი: უ.ლორისი (კაპ), მ.დებუში, ა.რამი, ფ.მექსე, გ.კლიში, ა.დიარა, ს.ნასრი, ი.კაბაიე (ი.მ’ვილა 68), ჟ.მენეზი (მ.მარტინი 73), ფ.რიბერი, კ.ბენზემა (ო.ჟირუ 76)

მწვრთნელი: ლორან ბლანი

გაფრთხილება: ჟ.მენეზი, ე.სელინი

მსაჯები: ბ.კუიპერსი (ჰოლანდია); ს.ვან როეკელი (ჰოლანდია), ე.ზეინსტრა (ჰოლანდია)

კომენტარები