აშშ

ნაპერწკლიდან აინთება ალი

ირანის წინააღმდეგ მიმართული საიდუმლო კიბერიარაღი გამოაშკარავებულია

ივნისს The New York Times-ში გამოქვეყნდა ჟურნალისტ დევიდ სანგერის წერილი, რომელიც ამერიკის მხრიდან ირანის ბირთვული პროგრამის შეფერხებისთვის კიბერიარაღის გამოყენებას ეხებოდა. ამავე საკითხზე დაწერილი მისი წიგნი კი 5 ივნისს გამოვიდა. სანგერის ნაშრომი ამერიკელი და ევროპელი, ყოფილი და ახლანდელი ოფიციალური პირების, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზეა დაფუძნებული.

წერილის მიხედვით, კიბერიარაღზე მუშაობა 2006 წელს, ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის დროს დაიწყო საიდუმლო პროგრამის, „ოლიმპიური თამაშების” ფარგლებში. ბუში შეშფოთებული იყო ირანის ბირთვული პროგრამით და ისრაელის შესაძლო სამხედრო ჩარევით. მას არ სურდა ახლო აღმოსავლეთში ახალი ცხელი წერტილი გაჩენილიყო და კიბერალტერნატივის გამოჩენისთანავე დათანხმდა მასზე მუშაობის დაწყებას. მას შემდეგ, რაც 2008 წელს ბუშის პრეზიდენტობის ვადა ამოიწურა, მან თავის მემკვიდრეს, ბარაკ ობამას სთხოვა, პროგრამა არ დაეხურა. ობამას კიბერიარაღის იდეა მოეწონა, ამიტომ პროგრამის გაფართოება და მოქმედებაში მოყვანა გადაწყვიტა.

ირანის ბირთვული ამბიციების დასათრგუნად შექმნილი მავნე კომპიუტერული პროგრამის (რომელსაც აღმოჩენის შემდეგ Stuxnet-ი ეწოდა) ტექნიკურ მხარეზე ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების პერსონალი მუშაობდა. პროცესში ჩართული იყო ისრაელიც. მათ ამერიკელებს მიაწოდეს როგორც ტექნიკური ექსპერტიზა, ისე მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაცია.

Stuxnet-ის დასრულებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდა. მას კონკრეტული სამიზნე ჰქონდა – ნათანზის ბირთვული რეაქტორის კომპიუტერული სისტემა (სხვა კომპიუტერულ სისტემებს Stuxnet-ი რაიმე სახის ზიანს არ აყენებს). ამოქმედებამდე პროგრამას ტესტირება უნდა გაევლო, რისთვისაც საჭირო იყო გერმანული კორპორაცია Siemens-ის P-1 მოდელის ცენტრიფუგები და მათი სამართავი სისტემა (რომლებსაც ირანელები ნათანზში იყენებდნენ).

აღმოჩნდა, რომ საჭირო მოდელის ცენტრიფუგები ბედნიერი შემთხვევის წყალობით ამერიკელებსაც ჰქონდათ. 2003 წელს ლიბიის ყოფილმა დიქტატორმა მუამარ კადაფიმ საკუთარი ბირთვული პროგრამის გაგრძელება გადაიფიქრა და ტექნიკური აღჭურვილობა ამერიკას გადასცა.

ტესტირების შემდეგ დღის წესრიგში დადგა Stuxnet-ის ნათანზის კომპიუტერულ სისტემამდე მიტანის საკითხი. ბირთვული რეაქტორი, უსაფრთხოების მოტივით, ინტერნეტთან პირდაპირ დაკავშირებული არ იყო, მაგრამ ამერიკამ და ისრაელმა რეაქტორში მომუშავე ინჟინრების დაუდევრობის თუ შპიონაჟის საშუალებით თავიანთი კიბერიარაღის დანიშნულების ადგილამდე მიტანა მაინც მოახერხეს.

ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა მალე მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ცენტრიფუგები მწყობრიდან გამოდიოდა, ირანელები კი მიზეზს ვერ ხვდებოდნენ. მათ რეაქტორის პერსონალი შეცვალეს. Stuxnet-ის გამორჩეული ღირსება ის იყო, რომ ცენტრიფუგები მწყობრიდან ისე გამოჰყავდა (ზედმეტი და დაუბალანსებელი დატვირთვით), თითქოს მათი სამართავი კომპიუტერული პროგრამის მიხედვით ყველაფერი წესრიგში იყო. ამერიკელები ისრაელთან ერთად აახლებდნენ პროგრამას და გაუმჯობესებულ ვერსიებს უშვებდნენ ნათანზში. საბოლოოდ ამ განახლებებმა კიბერიარაღი გამოააშკარავეს.

პროგრამა ინტერნეტში არ უნდა მოხვედრილიყო, თუმცა ერთ-ერთ განახლებაში პროგრამული შეცდომა გაიპარა და 2010 წლის დასაწყისში რეაქტორში მომუშავე ინჟინრის კომპიუტერიდან Stuxnet-ი ინტერნეტში გავრცელდა. მალე მთელმა მსოფლიომ შეიტყო მის შესახებ, თუმცა სანგერის მიერ ციტირებული ექსპერტები პროგრამას მაინც წარმატებულად აფასებენ, რადგან, მათი აზრით, Stuxnet-მა ირანის ბირთვული პროგრამა 1,5-2 წლით დაამუხრუჭა. ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ირანელები მხოლოდ 1 წლით დაყოვნდნენ.

სენგერი აღნიშნავს, რომ ობამა პროგრამის ინტერნეტში გავრცელებამ შეაშფოთა. თეთრი სახლი უარყოფდა საკუთარი ჩარევის ამბავს, ვინაიდან ამერიკის მიერ კიბერიარაღის გამოყენებას სხვა ქვეყნები ან ტერორისტული ორგანიზაციებიც შეიძლებოდა წაეხალისებინა კიბერიარაღის განვითარებისკენ. მიუხედავად ამერიკის კიბერშესაძლებლობებისა, ის ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ინფორმაციულ სისტემებზე.

სანგერი ახალ მავნე კომპიუტერულ პროგრამაზე, Flame-ზეც (ასევე ცნობილია, როგორც Wiper და Viper) საუბრობს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოაჩინეს. თუ Stuxnet-ს კონკრეტული სამიზნე (ნათანზის ბირთვული რეაქტორის ცენტრიფუგები) ჰქონდა, Flame-ი უფრო მრავალფეროვანი პროგრამაა და მისი მიზანი შპიონაჟია. პროგრამის ფუნქციონალურობას ხაზს უსვამს ზომაც (20 მეგაბაიტი), რაც მავნე პროგრამისთვის ძალიან დიდია (Stuxnet-ი დაახლოებით 40-ჯერ ნაკლები მოცულობის, 500 კილობაიტი იყო).

Flame-ი აგროვებს მომხმარებლის მიერ კლავიატურაზე აკრეფილ ყოველ სიმბოლოს და იპარავს კომპიუტერში განთავსებულ

ინფორმაციას. თუ მომხმარებელს ელექტრონული ფოსტა ან მესენჯერი პროგრამა (მაგალითად, ICQ) აქვს გახსნილი, მაშინ Flame-ი ყოველ 15 წამში აკეთებს სკრინშოტს. მას აგრეთვე შეუძლია კომპიუტერის მიკროფონის ჩართვა და საუბრის ჩაწერა, Bluetooth-ის ჩართვა და დაკავშირების არეალში არსებული სხვა მოწყობილობებიდან ინფორმაციის მოპოვება. მოგროვებულ ინფორმაციას Flame-ი რამდენიმე დანიშნულების პუნქტისკენ გზავნის.

ექსპერტების განმარტებით, Flame-ის მიზანი მოსახლეობის თვალთვალი არ არის. თუ სერვერზე გაგზავნილი ინფორმაცია პროგრამის შექმნელებისთვის არაა საინტერესო, მაშინ Flame-ი კომპიუტერში თავადვე შლის საკუთარ თავს. ექსპერტები, რომლებიც პროგრამის კომპიუტერულ კოდს იკვლევენ, აღნიშნავენ, რომ Flame-ს საკუთარი კვალის გაქრობა უნაკლოდ შეუძლია.

Flame-ის შექმნისა და ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, ის 2-3 წლის წინ გავრცელდა და მისი მოქმედების არეალი ახლო აღმოსავლეთია. ინფიცირებული კომპიუტერების დიდი ნაწილი პალესტინის, სუდანის, სირიის, ლიბანისა და ირანის სამთავრობო სააგენტოებს, საჯარო ინსტიტუტებსა და კერძო კომპანიებს ეკუთვნით.

გამოითქვა ვარაუდი Stuxnet-ისა და Flame-ის ურთიერთკავშირის შესახებ, თუმცა მიმომხილველები, პროგრამების სირთულის გამო, მათზე ერთი და იმავე ჯგუფის მუშაობას გამორიცხავენ. სანგერი აღნიშნავს, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლებმა Flame-თან კავშირი უარყვეს.

სანგერის წერილის გამოქვეყნებას ობამას ოპონენტები ენთუზიაზმით არ შეხვედრიან. მათ თეთრი სახლი ინფორმაციის გაჟონვის კიდევ ერთი მიზანმიმართული კამპანიის გამო გააკრიტიკეს. მარტში თეთრი სახლიდან გაჟონა ინფორმაციამ, თითქოს აზერბაიჯანი ისრაელს საკუთარ აეროდრომებს უთმობდა ირანზე თავდასხმისთვის. მაშინ თეთრი სახლი ისრაელის სამხედრო გეგმების საბოტაჟს ისახავდა მიზნად, ახლა კი, ობამას კრიტიკოსების აზრით, ადმინისტრაციის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ირანის თემის მანიპულაციით პრეზიდენტის იმიჯის ამაღლებაა. ჩარლზ კრაუტჰამერმა თეთრი სახლის ქმედება სკანდალად შეაფასა. ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკა სენატორმა ჯონ მაკკეინმაც.

პოლიტიკურმა მიმომხილველებმა, მათ შორის, კრაუტჰამერმა და უოლტერ რასელ მიდმა, თეთრი სახლი საიდუმლო ინფორმაციის გამხელაშიც დაადანაშაულეს. მათი თქმით, კიბერიარაღზე მუშაობის კოდური სახელწოდების, მასში ჩართული ამერიკისა და ისრაელის სამსახურებისა და ოფიციალური პირების გამჟღავნება მომავალში ორივე ქვეყნის ქმედებებს ხელს შეუშლის. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც სანგერის მიერ ციტირებული მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, კიბეროპერაციები ისევ გრძელდება.

კომენტარები