ევრო 2012

პოლონეთი 1:1 რუსეთი

ამ თამაშს დიდი არეულობა უძღოდა წინ. ვარშავაში რუსეთის ნაკრების დაახლოებით ხუთ ათასამდე გულშემატკივარმა სტადიონამდე მარშის მოწყობა სცადა, თუმცა პოლონელთა ქომაგებმა ამის უფლება არ მისცეს. რამდენიმე ფანის ჩხუბი მალე დიდ არეულობაში გადაიზარდა, საბოლოოდ კი დედაქალაქის ხელმძღვანელებს სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოძახება მოუხდათ.

პირველი სახიფათო მომენტი პოლონელებმა შექმნეს: ობრანიაკის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი ვიაჩესლავ მალაფეევმა ფეხით მოიგერია. მასპინძელთა შეტევა კიდევ ერთი ძალიან სახიფათო დარტყმით გაგრძელდა, თუმცა რუსეთის ნაკრების კარის დარაჯმა კვლავ საიმედოდ ითამაშა.

მე-18 წუთზე ფრანციშეკ სმუდას გუნდმა გოლი გაიტანა: ეუგენ პოლანსკიმ რობერტ ლევანდოვსკის პასის შემდეგ დაარტყა ზუსტად, მაგრამ მსაჯმა აშკარა თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩათვალა. მანამდე რუსეთის ნაკრების ცენტრფორვარდი ალექსანდრ კერჟაკოვი პოლონელთა საჯარიმოში მოცელეს, მაგრამ გერმანელმა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა.

38-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს: პირველ ტურში პეტრ ჩეხის კარში ორი გოლი გამტანმა ალან ძაგოევმა კვლავ გამოიჩინა თავი - მოსკოვის ცსკა-ს ამომავალმა ვარსკვლავმა ამჯერად თავური დარტყმით შეაგდო. ეს მისი მესამე გოლი იყო ევრო 2012-ზე.

მეორე ტაიმის დაწყებას პოლონელების ძალიან სახიფათო იერიში მოჰყვა: გუნდის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი ძალიან სწრაფად შეიჭრა საჯარიმოში, მაგრამ მალაფეევს დროულად ვერ გაცდა და პასიც ცუდი გამოუვიდა. რამდენიმე წუთში დიკ ადვოკაატის გუნდს შეეძლო გოლის გატანა - რუსებმა მეტოქის საჯარიმოსთან რიცხვობრივი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მარჩინ ვასილევსკიმ არშავინის პასი ჩაჭრა და შეტევაც დასრულდა. უნდა ითქვას, რომ რუსეთის ნაკრების კაპიტანმა პოლონელთა წინააღმდეგ უფერულად ითამაშა.

57-ე წუთზე პოლონელებმა ანგარიში გაათანაბრეს. გუნდის კაპიტანმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა: მალაფეევის კარში ბურთი საჯარიმოს ხაზიდან ჩაახვია - 1:1!

რამდენიმე წუთში მეტოქეებმა საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს: ჯერ ალან ძაგოევის დარტყმული ბურთი მოიგერია პოლონელთა მეკარე ტიტონმა, წამებში კი უკვე მალაფეევმა გადაარჩინა გუნდი - ობრანიაკმა დაარტყა სახიფათოდ.

საბოლოოდ ფრე 1:1. ამ შედეგმა ყველაზე მეტად რუსეთის ნაკრები გაახარა - მეორე ტურის შემდეგ დიკ ადვოკაატის გუნდი ჯგუფში დაწინაურდა, პოლონეთი კი, რომელმაც ორივე თამაში ფრედ დაასრულა, მესამეა - ბერძნების მძლეველი ჩეხეთი ქულით უსწრებს.

უკანასკნელ ტურში სმუდას გუნდი სწორედ ჩეხეთს დაუპირისპირდება, რუსეთის მეტოქე კი ფერნანდო სანტუშის საბერძნეთი იქნება.

* * *

12 ივნისი, 2012. ევრო 2012 – A ჯგუფი, II ტური. ვარშავა, ეროვნული, 47400

პოლონეთი 1:1 რუსეთი

გოლები: 0:1 ა.ძაგოევი (38), 1:1 ი.ბლაშჩიკოვსკი (57)

პოლონეთი: პ.ტიტონი, ლ.პიშჩეკი, მ.ვასილევსკი, დ.პერკუისი, ს.ბოენიში, დ.დუდკა (ა.მიერზეჟევსკი 79), ე.პოლანსკი (ა.მატიშჩუკი 85), ი.ბლაშჩიკოვსკი (კაპ), რ.მურავსკი, ლ.ობრანიაკი (პ.ბროზეკი 90), რ.ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ფრანციშეკ სმუდა

რუსეთი: ვ.მალაფეევი, ა.ანიუკოვი, ა.ბერეზუცკი, ს.იგნაშევიჩი, ი.ჟირკოვი, რ.შიროკოვი, ი.დენისოვი, კ.ზირიანოვი, ა.ძაგოევი (მ.იზმაილოვი 79), ა.არშავინი (კაპ), ა.კერჟაკოვი (რ.პავლიუჩენკო 70)

მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი (ჰოლანდია)

გაფრთხილება: რ.ლევანდოვსკი, ი.დენისოვი, ა.ძაგოევი, ე.პოლანსკი

მსაჯები: ვ.შტარკი (გერმანია); ი-ჰ.სალვერი (გერმანია), მ.პიკელი (გერმანია)

კომენტარები