ევრო 2012

ხორვატია 3:1 ირლანდია

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ხორვატიამ ირლანდია 3:1 დაამარცხა. მარიო მანჯუკიჩმა თავური დარტყმით ორი გოლი გაიტანა და ალან ძაგოევთან ერთად ბომბარდირთა სიას ლიდერობს.

ირლანდიის ნაკრები ევროპირველობებს 24-წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა: 1988 წელს, მაშინდელ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გუნდი ჯგუფში ჩარჩა. ჯოვანი ტრაპატონის ნაკრებს ახლაც იგივე ემუქრება: ხორვატებთან მატჩის შემდეგ მათ ესპანელებთან და იტალიელებთან მოუწევთ პაექრობა, ამ თამაშებში გამარჯვება კი ძალიან რთული იქნება.

ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა: დონეცკის შახტარის და ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა დარიო სრნამ ძლიერად დაარტყა, ბურთის მოგერიება სტივენ უორდმა სცადა, მანჯუკიჩმა კი თავით დაამატა - მეკარე შეი გივენმა გადახტომა მოასწრო, მაგრამ კარი გოლისგან ვერ იხსნა - 1:0. სტატისტიკოსთა ინფორმაციით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი საგოლე დარტყმა ტურნირის ისტორიაში: ამაზე ადრე გოლი მხოლოდ ხუთჯერ გავიდა.

მე-19 წუთზე ანგარიში გათანაბრდა: ირლანდიელთა ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა ეიდენ მაკგიდიმ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი შონ სენტ-ლეჯერმა ვედრან ჩრლუკას აჯობა და თავური დარტყმით გაიტანა გოლი - 1:1.

პირველი ტაიმი ხორვატიის ნაკრებმა მაინც მოიგო: ნიკიცა იელავიჩმა, ვინც სახიფათო მომენტის დასაწყისში აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იყო, ირლანდიელი მცველის შეცდომა დიდებულად გამოიყენა - შეი გივენს შანსი არ დაუტოვა - 2:1.

მეორე ტაიმის დაწყება და სლავენ ბილიჩის გუნდის მესამე გოლი ლამის ერთი იყო: 49-ე წუთზე ფლანგიდან პერიშიჩმა ჩააწოდა, მარიო მანჯუკიჩმა კი კიდევ ერთხელ ითამაშა თავით დიდებულად - ლამაზი გოლი გაიტანა. მანჯუკიჩი კარლსბერგმა თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

„სამწუხაროა, რომ წავაგეთ - მეტოქემ გვაჯობა, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. მომდევნო შეხვედრაში შემადგენლობას, ალბათ, შევცვლით. ჩვენი მეტოქე ესპანეთი იქნება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ გუნდს ჯერჯერობით მხოლოდ ქულა აქვს, ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ გვაქვს,“ - განაცხადა ირლანდიის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ.

„სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას ველოდი - ირლანდიელები ძალიან კარგად შევისწავლეთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თამაშს ბრწყინვალე ფორმაში შევხვდით. ჩვენ ირლანდიას შარშანაც ვეთამაშეთ, მაგრამ იმ მატჩისგან განსხვავებით, ახლა კმაყოფილი ვარ,“ - ეს უკვე ხორვატთა თავკაცი სლავენ ბილიჩია.

ბალკანელები 14 ივნისს მეორე შეხვედრას გამართავენ - იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

  

10 ივნისი, 2012. ევრო 2012 – C ჯგუფი, I ტური. პოზნანი, მუნიციპალური, 38869

ხორვატია 3:1 ირლანდია

გოლები: 1:0 მ.მანჯუკიჩი (3), 1:1 შ.სენტ-ლეჯერი (19), 2:1 ნ.იელავიჩი (43), 3:1 მ.მანუჯიკიჩი (49)

ხორვატია: ს.პლეტიკოსა, ი.სტრინიჩი, ვ.ჩორლუკა, ი.რაკიტიჩი (ტ.დუიმოვიჩი 90), ო.ვუკოიევიჩი, ნ.იელავიჩი (ნ.კრანჩარი 72), ლ.მოდრიჩი, დ.სრნა (კაპ), გ.შილდენფელდი, მ.მანჯუკიჩი, ი.პერიშიჩი (ედუარდო 89)

მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ირლანდია: შ.გივენი, შ.სენტ-ლეჯერი, ს.უორდი, ჯ.ოში, რ.დანი, გ.უელანი, ე.მაკგიდი (ს.კოქსი 54), კ.ენდრიუსი, კ.დოილი (ჯ.უოლტერსი 53), რ.კინი (კაპ) (შ.ლენგი 59), დ.დაფი

მწვრთნელი: ჯოვანი ტრაპატონი (იტალია)

გაფრთხილება: კ.ენდრიუსი, ლ.მოდრიჩი, ნ.კრანჩარი

მსაჯები: ბ.კუიპერსი (ჰოლანდია); ს.ვან რეკელი (ჰოლანდია), ე.ზეინსტრა (ჰოლანდია)

კომენტარები