უფასო სახელმძღვანელოები

განათლების სამინისტრო უფასო სახელმძღვანელოების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2012-2013 სასწავლო წლიდან იზრდება იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოსგან სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. 

ახალი სასწავლო წლიდან, სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა  და მრავალშვილიანი ოჯახების შვილები.

რაც შეეხებათ მრავალშვილიან ოჯახებს, როგორც ტაბულას განათლების სამინისტროს პრესცენტრის უფროსმა, ნინო პოტრჟებსკაიამ განუცხადა, სახელმძღვანელოებს იმ მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს გადასცემენ, რომელთა სამი ან მეტი შვილი სწავლობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და ოჯახი  ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიას არ განეკუთვნება. ,,სახელმძღვანელოები ეკუთვნით დედმამისშვილებს, მაგრამ კონკრეტულად ერთი ქორწინებიდან თუ სხვადასხვა ქორწინებიდან ეს დეტალები დადგინდება მალე. ამ დროისთვის დოკუმენტი გადაგზავნილია იუსტიციის სამინისტროში, გადის იურიდიულ ექსპერტიზას. ამ საკითხზე დაწვრილებით მხოლოდ მას შემდეგ გიპასუხებთ, რაც ეს დოკუმენტი მიიღებს საბოლოო სახეს’’ - ამბობს პოდრჟებსკაია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მშობლები ვალდებულები არიან  რეგისტრაცია  გაიარონ იმ სკოლებში, სადაც მათი შვილები სწავლობენ.  სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსწავლეთა მშობლებმა 1-დან 15 ივლისამდე სკოლაში უნდა წარადგინონ სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან გაცემული ცნობა. მათი სარეიტინგო ქულა 70 ათასს ან ნაკლებს უნდა შეადგენდეს.

მათივე ინფორმაციით, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სასკოლო სახელმძღვანელოებს მოსწავლეები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მიიღებენ.

კომენტარები