ქართული ოცნება

ქართული ოცნების აქტივისტებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქართული ოცნების აქტივისტებს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ცნობით, კოალიციის მხარდამჭერებს, მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელს და გაგა ამბროლაძეს ამომრჩევლის მოსყიდვა ედებათ ბრალად.

მოსამართლემ ადვოკატების მხრიდან დაყენებული შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ საქმე ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს შეეხებოდა და ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გამოეშვათ, არ გაითვალისწინა.

გამოძიების მასალების მიხედვით, ქართული ოცნების აქტივისტები 2012 წლის 5 ივნისს მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებისას კოალიციის პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მოქალაქეებს ბუკლეტების შევსების და მათში ქონებრივი ხასიათის სურვილების დაფიქსირების გზით დაპირდნენ 1000 ლარის ფარგლებში ფულის, ან სხვა ქონების გადაცემას.

საქმის არსებითი განხილვა 17 ივლისს დაიწყება.

გუშინ ქართულმა ოცნებამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ”ზემოხსენებული პირები ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან პარტიის წესდების მოთხოვნების უხეში დარღვევის გამო გაირიცხნენ.”

 

 

 

კომენტარები