შექსპირის საერთაშორისო ფესტივალში, სახელწოდებით „მსოფლიო გლობუსში”, 37 ქვეყნის თეატრალური დასი ჩაერთო. ღონისძიებაზე, რომელიც 21 აპრილიდან 3 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა, ქართველებმა ღია ცის ქვეშ, ხელოვნურ განათებას მოკლებულ ფიცარნაგზე, მშობლიურ ენაზე ითამაშეს (ფესტივალის წესის თანახმად) შექსპირის პიესა „როგორც გენებოთ”.
ლევან წულაძის დადგმის მხატვრულ ხარისხზე ვერ ვისაუბრებთ, რამდენადაც სპექტაკლი საქართველოში ჯერ არ გვინახავს. როგორც თეატრის დასი გვპირდება, წარმოდგენის შეფასების საშუალება ქართველ მაყურებელს თბილისის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მიეცემა.
საკუთარი წერილები ჯერ მხოლოდ უცხოელმა თეატრის მკვლევრებმა, ჟურნალისტებმა და კულტურის მიმომხილველებმა
დადგმის კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე გახლავთ, ქორეოგრაფი – გია მარღანია, კოსტიუმების მხატვარი – ნინო სურგულაძე, ტექსტზე კი დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ქეთევან ცხაკაია, ნატა მურვანიძე, მანანა კაზაკოვა, ქეთევან შათირიშვილი, ნატუკა კახიძე, ნიკა კუჭავა, ონისე ონიანი, ნიკოლოზ თავაძე, მალხაზ აბულაძე, დავით ხურცილავა, ზურა ბერიკაშვილი, თამარ ბუხნიკაშვილი, ბესო ბარათაშვილი, როლანდ ოქროპირიძე.
შექსპირის ფესტივალის მასშტაბურად აღნიშვნით და მასში 37 ქვეყნის შემოქმედებითი ჯგუფის ჩართვა-წარმოჩენით, „გლობუსის” ხელმძღვანელები ცდილობენ, რომ ისტორიულ ადგილს ფუნქცია და მნიშვნელობა შეუნარჩუნონ, თეატრი პრაქტიკული თუ თეორიული კვლევების ცენტრად აქციონ.
როგორც მარჯანიშვილის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თამუნა ლალიაშვილმა გვითხრა, შექსპირის ფესტივალისთვის დადგმული ლევან წულაძის სპექტაკლი უკვე მიწვეულია ინდოეთსა და ბუენოს აირესში. მისივე თქმით, პროექტის სპონსორობა თბილისის მერიამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ითავა.