NATO

სპარსეთის ყურისათვის თუ არაბული კონფედერაცია

მეფე აბდულას და ქუვეითის შეიხის შეხვედრა არაბული სახელმწიფოების სამიტის ფარგლებში

მაისს რიადში სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების სამიტი გაიმართა. მეფე აბდულამ სუნიტი სამეფოების: ბაჰრეინის, ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ყატარისა და ომანის წარმომადგენლებს რეგიონული სამხედრო და ეკონომიკური კავშირის შექმნა შესთავაზა. „ყველამ იცით, რომ ჩვენი უსაფრთხოება მიზანშია ამოღებული”, – შეახსენა მონარქმა თანამოაზრეებს ირანისგან მომდინარე საფრთხე. NATO-ს არაბული ანალოგის შექმნის შემთხვევაში მისი სამხედრო ძალები 360 ათას ჯარისკაცს გააერთიანებს და ირანის 545-ათასიანი არმიის უკეთ დაბალანსებას შეძლებს. არაბული ყოველდღიური ჟურნალი ალ შარქ ალ ავსათი ასეთი კავშირის დაფუძნებას „ეგზისტენციალურ საჭიროებას” უწოდებს.

მეფე აბდულას ინიციატივა არავის გაჰკვირვებია, რადგან საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საუდის არაბეთი და ირანი რეგიონში ლიდერობას ვერ იყოფენ. ისტორიული მეტოქეები, ძალაუფლების გარდა, ვერ თანხმდებიან რელიგიურ საკითხებზეც და ორივე მათგანი თავს მუჰამედის მოძღვრების მთავარ მცველად მიიჩნევს. გარდა ამისა, ირანი, საკუთარი კლერიკული მმართველობის გასამართლებლად, მონარქიას ანტიისლამურად აცხადებს. საუდის არაბეთის მეფე, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ორი სახელმწიფო, ისრაელი და ირანი, არსებობას არ იმსახურებს. ამ უკანასკნელის დაბალანსების საუკეთესო გზა კი რეგიონული ერთობაა.

კოალიციის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაჰრეინისთვის, სადაც უკვე ერთი წელია სუნიტი სამეფო ოჯახი შიიტი უმრავლესობის აჯანყების ჩახშობას ცდილობს. საუდის არაბეთის დახმარების მიუხედავად, ეს რთული ამოცანაა – აჯანყებულებს ზურგს ირანი უმაგრებს. კუნძული 1783 წლამდე სპარსეთის ნაწილი იყო და ირანელები მას დღემდე საკუთარი გავლენის სფეროდ მოიაზრებენ. მეჯლისის სპიკერი ალი ლარიჯანი ბაჰრეინს „ადვილად გადასაყლაპ პატარა ლუკმას” უწოდებს და აცხადებს, რომ საუდის არაბეთთან მის შეერთებას ირანი არ დაუშვებს.

„სირიუს დიდის შთამომავლებთან” დაძაბული ურთიერთობა აქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც – მხარეები ჰორმუზის სრუტეში მდებარე სტრატეგიულ აბუ მუსას კუნძულებს ვერ იყოფენ. ირანში ხუმრობენ, რომ თუ სამხრეთის პროვინციის მოსახლეობა ერთდროულად სულს შეუბერავს, ემირატებს ქარი წაიღებს. ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ერთ-ერთ უმდიდრეს სახელმწიფოს დასაკარგი ბევრი აქვს, 65 000-იანი არმიით კი ირანის განეიტრალება არარეალისტურია. შიშის საფუძველი აქვთ სხვა „პატარა შეიხებსაც” (ირანში ასე მოიხსენიებენ არაბეთის ნახევარკუნძულის პატარა ქვეყნების მეფეებს).

მიუხედავად ამისა, არაბი მონარქები ორგანიზაციის შექმნის იდეას მოსალოდნელზე ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდნენ. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პრინც საუდ ალ ფაიზალის განცხადებით, დელეგაციებმა რიადი დატოვეს კითხვებით „დეტალების და დეტალების დეტალების” შესახებ.

საქმე ისაა, რომ სამეფოები საუდის არაბეთს საკუთარი სუვერენიტეტისთვის საფრთხედ მიიჩნევენ. ძლიერი ალიანსის პირობებში რეგიონის დომინანტმა ძალამ შესაძლოა პატარა სახელმწიფოების საშინაო საქმეების გაკონტროლება დაიწყოს.

მცირე ომების ჟურნალის რედაქტორი და არარეგულარული სამხედრო მოქმედებების საკითხში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ეროვნული დაზვერვის საბჭოს ყოფილი მრჩეველი, რობერტ ჰედიკი, არაბულ სახელმწიფოებს NATO-ს გამოცდილების გაზიარებისკენ მოუწოდებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასუსტებულმა ევროპულმა სახელმწიფოებმა, ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირისგან მომავალი საფრთხე, მეორე მხრივ კი, რომელიმე ევროპული ქვეყნის სამხედრო დომინაციის დამღუპველობა გააცნობიერეს. შესაბამისად, ალიანსის ლიდერად ოკეანის გადაღმა მდებარე ამერიკა მოიწვიეს. აშშ-ს უზარმაზარი სამხედრო ბიუჯეტი ჰქონდა, ხოლო ტერიტორიული ამბიციები არ აწუხებდა. კრიტიკის მიუხედავად, დაარსებიდან 53 წლის შემდეგაც, NATO კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამხედრო გაერთიანებად ითვლება.

ჰედიკი მიიჩნევს, რომ არაბული სამხედრო ალიანსის წარმატებაც ამერიკის ჩართულობაზეა დამოკიდებული. მის მოსაზრებას ამყარებს აშშ-ის წარმატებული თანამშრომლობა ევროპელ და აზიელ პარტნიორებთან. ახლო აღმოსავლეთში 1955-79 წლებში მოქმედი ცენტრალური ხელშეკრულების ორგანიზაციის (იგივე ბაღდადის პაქტი) წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად კი სწორედ ამერიკის შეზღუდულ მონაწილეობას მიიჩნევენ. ასევე, არაბული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ერთმანეთს არ ემთხვეოდა პაქტის წევრების (თურქეთი, ირანი, დიდი ბრიტანეთი, ერაყი, პაკისტანი) პოლიტიკური ინტერესები. ვარაუდობენ, რომ ნეიტრალური ლიდერის გარშემო არაბული სამეფოები ადვილად გაერთიანდებიან. შეერთებული შტატების წევრობის შემთხვევაში, ახალი ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბითაც დიდ წონას შეიძენს და ირანის განეიტრალებას მოახერხებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამას სამხედრო სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტი ჩინეთის დაბალანსებაა, ირანის ბირთვული პროგრამა აშშ-ისთვის უდიდეს პრობლემად რჩება. როგორც ცოტა ხნის წინ ამერიკის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა განაცხადა, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამი უდიდესი საზრუნავია – „ირანი, ირანი და ირანი”.

თავდაცვაზე თეირანი მშპ-ის 2%-ს (დაახლოებით 7 მილიარდს) ხარჯავს. არცთუ ისე მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ირანი სწრაფი ტემპებით ამდიდრებს ურანს ქუმის პროვინციაში და მსოფლიო მშვიდობას საფრთხეს უქმნის. ამ ფონზე, არაბულ ალიანსში ამერიკის მონაწილეობა შესაძლოა გამოსავალიც ყოფილიყო.

საკითხს ართულებს სენატის თანხმობის საჭიროება – ამერიკა უკვე „გადაღლილია” ამ რეგიონში ჩართულობით. შესაბამისად, სენატორების დარწმუნება ახალ სამხედრო გაერთიანებაში გაწევრიანების მხარდასაჭერად, შეუძლებელ ამოცანად მოჩანს.

1980 წლის კარტერის დოქტრინით, აშშ-მა უკვე აიღო რეგიონში მშვიდობის დაცვის დე ფაქტო ვალდებულება. შესაბამისად, ვაშინგტონი ცდილობს, რომ ახალი ორგანიზაციის შექმნამდე, 1981 წლიდან არსებული (მაგრამ არაქმედითი) არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო გაააქტიუროს. ამის უკანასკნელი მაგალითი NATO-ს ჩიკაგოს სამიტის დასკვნით დეკლარაციაში ორგანიზაციის პატივით მოხსენიებაა.

ამერიკასთან ერთად, თუ მის გარეშე, არაბული სამხედრო ორგანიზაციის შექმნას მომავლის საკითხად მიიჩნევენ. პოლიტიკური ანალიტიკოსი, ჯაბერ მოჰამედი თვლის, რომ „ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება მეტ დროს მოითხოვს, თუმცა კავშირი აუცილებლად შედგება”. სპარსეთის ყურეში, რომელსაც თანამშრომლობის საბჭოს წევრები არაბეთის ყურედ მოიხსენიებენ, სტაბილურობის შენარჩუნება მსოფლიოს უდიდეს ნაწილს სჭირდება, რადგან სწორედ აქედან ხორციელდება ნავთობის ექსპორტის მესამედი.

ერთი რამ ცხადია: ირანის ბირთვული პროგრამა გლობალური პრობლემაა. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნის შემთხვევაში, იმავეს თავადაც ეცდება.

 

 

 

 

 

კომენტარები