აშშ

თეთრ სახლში აშშ–ს 43–ე პრეზიდენტის პორტრეტის წარდგენის ცერემონია გაიმართა

ვაშინგტონში გუშინ ცერემონია გაიმართა, სადაც შეერთებული შტატების 43–ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუში–უმცროსისა და მისი მეუღლის, ლორა ბუშის ოფიციალური პორტრეტები წარადგინეს.

თეთრი სახლის მიღებაზე მისი ორგანიზატორის, აშშ–ს ამჟამინდელი პირველი პირის, ბარაკ ობამას გარდა, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის მთავრობის წარმომადგენლები და მინისტრები იმყოფებოდნენ.

ბარაკ ობამამ ცერემონიალის მსვლელობისას თავის წინამორბედს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სათავეში დგომისათვის და ხაზი გაუსვა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აშშ–ს თითოეულ პრეზიდენტს აკისრია.

აშშ–ს ახლანდელმა პირველმა პირმა ჯორჯ ბუშს ხუმრობითაც მიმართა და განუცხადა: „თქვენ სპორტული სატელევიზიო არხების ძალიან კარგი ნაკრები დამიტოვეთ, მე ამით ვსარგებლობ.“

ჯორჯ და ლორა ბუშების ოფიციალური პორტრეტები, რომლებიც თეთრი სახლის მიერაა შეკვეთილი, ამიერიდან აშშ–ს პრეზიდენტების რეზიდენციაში იქნება გამოფენილი. აშშ–ს 43–ე პრეზიდენტი სურათზე თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტშია გამოსახული, ხოლო ყოფილი პირველი ლედი რეზიდენციის მწვანე დარბაზში ბუხრის ფონზე.

კომენტარები