განათლების სისტემა

გილაური: ხელისუფლება იმ სკოლების დირექტორების საქმეს გადახედავს, სადაც საატესტატო გამოცდებზე ცუდი შედეგი დაფიქსირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მასწავლებლის სახლში სკოლის დირექტორებს შეხვდნენ და მათთან ერთად შეაჯამეს 2011-2012 წლის საატესტატო გამოცდები.

ნიკა გილაურმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება იმ სკოლების დირექტორების საქმეს გადახედავს, რომელთა სასწავლებლებმაც საატესტატო გამოცდებზე ცუდი შედეგი აჩვენეს.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საუკეთესო სკოლების დირექტორები პრემიით დაჯილდოვდებიან. ნიკა გილაურმა დღეს 20 საუკეთესო სკოლა დააჯილდოვა, რომელთაგან ხუთი კერძოა. დასახელებულ სკოლებს შორის რეგიონების სასწავლებლები ჭარბობენ. მათ შორის ყველაზე მაღალი შედეგი საატესტატო გამოცდებზე რუსთავის #4 საჯარო სკოლამ აჩვენა.

გილაურის განცხადებით, გარდა იმისა, რომ დირექტორები პრემიებით დაჯილდოვდებიან, საუკეთესო სკოლებს დამატებითი თანხა გამოეყოფათ რეაბილიტაციისთვის, მოედნებისთვის და ყველაფერ იმისთვის, რასაც საჭიროებენ. "ვინც იმსახურებს, ის მეტს მიიღებს". - აღნიშნა პრემიერმა.

გილაურმა აღნიშნა, რომ გასულ წელს, ჯამურად, სულ საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეთა 17 პროცენტი ჩაიჭრა, წელს კი მხოლოდ ხუთი პროცენტი.

 

კომენტარები