საქართველო-ლატვია

ლატვიაში ივლისში ქართული პროდუქცია შევა

ლატვიაში ივლისში სხვადასხვა სახეობის ქართული პროდუქცია შევა. ამის შესახებ დღეს რიგაში გამართულ ლატვია-საქართველოს ერთობლივ ბიზნესფორუმზე გახდა ცნობილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიზნესფორუმის ფარგლებში უკვე გაფორმდა რამდენიმე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლატვიური მხარე საქართველოში ინვესტიციას ჩადებს. ერთ-ერთი შეთანხმება საკურორტო ქალაქ ანაკლიაში სასტუმროების მშენებლობას ეხება. ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება აგრეთვე, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში.

საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმზე საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. ერთობლივ ბიზნესფორუმს ლატვიური და ქართული კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა ყურადღება საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ლატვია მზად არის ერთობლივი პროექტები განახორციელოს როგორც ჯანდაცვის სფეროში, ისე განათლების სისტემაში.

მიხეილ სააკაშვილმა ფორუმზე ლატვიელ ბიზნესმენებს ლაზიკაში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მთავრობას სურს დანერგოს ბრიტანული კანონი, რომელიც ლაზიკას საქართველოს კონსტიტუციით განსხვავებულ სტატუსს მიანიჭებს.

”ლაზიკას ძალიან საინტერესო მდებარეობა აქვს და გირჩევთ ამ ბიზნესშესაძლებლობაზე გაამახვილოთ ყურადღება". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში, იგი ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშის პირისპირ შეხვდა.

კომენტარები