ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება უკვე ძალაშია. პარლამენტის მიერ გასულ კვირას მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. შესაბამისი დოკუმენტი "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნებულია.

კონსტიტიციის გარდამავალ დებულებებს დაემატა მუხლი, რომლის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

კონსტიტუციაში ასევე ჩაიდო დათქმა, რომელიც ზემოთაღნიშნული კატეგორიის პირებს პოლიტიკური თანამდებობის - პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შესაძლებლობას აძლევს.

ამავე ცვლილებების ფარგლებში შეიცვალა სადეპუტატო ასაკის ცენზი და ის 25 წლიდან 21 წლამდე ჩამოვიდა.

რამდენიმე დღის წინ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, არ მოეწერა ხელი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი აცხადებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

 

კომენტარები