განათლების სისტემა

გამოცდების ეროვნულ ცენტრს ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე მაია მიმინოშვილი პოლიციის აკადემიის უკვე ყოფილმა რექტორმა, ხატია დეკანოიძემ შეცვალა. დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი განათლების სისტემის თანამშრომლებს წარუდგინა.

"ჩემი აზრით, ხატია დეკანოიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატურა ამ თანამდებობისთვის. ესაა ადამიანი, რომელმაც მიიღო უმნიშვნელოვანესი მონაწილეობა იმ რეფორმებში, რომელიც გატარდა საქართველოში და ადამიანი, რომელიც სარგებლობს ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნდობით. დარწმუნებული ვარ, ეს არის ადამიანი, რომელიც ახალ ეტაპზე გადაიყვანს განათლების სისტემას”. – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა ხატია დეკანოიძის განათლების სამინისტროში წარდგენისას.

მინისტრის განმარტებით, დეკანოიძის მთავარი ამოცანა იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩატარება და რეფორმების გაგრძელება.

მაია მიმინოშვილი სამსახურიდან დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, 28 მაისს გაათავისუფლეს. ოფიციალურ მიზეზად "პრინციპული პოზიციების შეუთავსებლობა" დასახელდა. თუმცა, საუბარია იმაზეც, რომ მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან მისი შვილის "ქართული ოცნების" აქციაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს.

 

კომენტარები