აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი საერთაშორისო ენერგოასპარეზზე

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი ცდილობს კასპიის აუზის ქვეყნებს გასცდეს და საერთაშორისო ენერგომწარმოებლის სახელი დაიმკვიდროს. ამ მიზნის მიღწევაში აზერბაიჯანის პირველი პარტნიორი ისრაელია. SOCAR-ის ფილიალი უკვე ფლობს 5%-იან წილს ისრაელის ნავთობით მდიდარ საბადოში Med Ashdod, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან 16 კილომეტრით არის დაშორებული. კონტრაქტის მიხედვით, ბურღვითი სამუშაოების უმეტეს ნაწილს თავად SOCAR-ი ჩაატარებს.

ეს SOCAR-ის მიერ აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ ნავთობის მოპოვების პირველი მცდელობა იქნება. Med Ashdod-ის რეზერვები დაახლოებით 39.2 მილიონ ტონად (280 მილიონი ბარელი) არის შეფასებული და აზერბაიჯანული კომპანიის გამოთვლებით, საშუალო ზომისაა. საინტერესოა, რომ კასპიის ზღვაში SOCAR-ი ბევრად მეტ ნავთობს მოიპოვებს, თუმცა ისრაელის საბადოზე მუშაობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს: ამით კომპანია ქვეყნის გარეთ ნავთობის მოპოვებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეიძენს და საერთაშორისო ნავთობწარმოებისთვის აუცილებელ გამოცდილებასაც დააგროვებს.

ამ მხრივ ისრაელი საუკეთესო პარტნიორია: ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მასთან ყველაზე მეტს სწორედ აზერბაიჯანი ვაჭრობს – მხოლოდ 2011 წელს ორ ქვეყანას შორის საშუალოდ 4 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ტრანზაქცია განხორციელდა. ამავე წელს, აზერბაიჯანმა ისრაელში 2.5 მილიონი ტონა (18.5 მილიონი ბარელი) ნავთობი გაიტანა ექსპორტზე და 2.1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ენერგეტიკის გარდა, ორი ქვეყანა ინტენსიურად ვაჭრობს სამხედრო აღჭურვილობით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით და მედიკამენტებით. სულ ახლახან, აზერბაიჯანმა ისრაელისგან 1.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა შეიძინა, რითაც დასავლეთის ქვეყნების კრიტიკა დაიმსახურა.

ანალიტიკოსების შეფასებით, აზერბაიჯანის მხრიდან ისრაელთან ახალი გარიგება ირანის მორიგ გაღიზიანებას გამოიწვევს: ირანი აზერბაიჯანს – ქვეყანას, სადაც შიიტი მუსლიმები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ – ისრაელთან მჭიდრო კავშირების დამყარებასთან დაკავშირებით გამუდმებით აკრიტიკებს. თუმცა ირანს არ აქვს საკმარისი ბერკეტი იმისთვის, რომ ამ ორ ქვეყანას თანამშრომლობის გაღრმავების მოტივაცია გაუქროს: SOCAR-ი ირანში არც რაიმე მნიშვნელოვან აქტივებს ფლობს და მასთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებითაც არ გამოირჩევა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში SOCAR-ი ენერგოდისტრიბუციის ქსელს უცხოური ბაზრების ათვისების გზით აფართოებს და მნიშვნელოვან აქტივებსაც ფლობს. მათ შორის საქართველოში, თურქეთში, რუმინეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ყაზახეთში, დიდ ბრიტანეთში, ირანში, გერმანიაში. SOCAR ასევე ფლობს სავაჭრო კომპანიებს სინგაპურში, ვიეტნამში, ნიგერიაში და სხვა ქვეყნებში.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილი კომპანია - SOCAR Georgia Petroleum-ი საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2006 წლის სექტემბერში შემოვიდა. მას შემდეგ, 2011 წლის იანვრის ჩათვლით, კომპანიამ საქართველოში აზერბაიჯანიდან 1.5 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი შემოიტანა. კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმა საწვავის შესანახი საწყობების აშენებას და ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გაფართოებას გულისხმობს.

 

კომენტარები