ივანიშვილი პოლიტიკაში

უცხოური მედია ქართული ოცნების აქციას გამოეხმაურა

უცხოური მედია კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ თბილისში გამართულ აქციას გამოეხმაურა.

"The Washington Post" წერს, რომ აღნიშნული აქცია იყო ყველაზე ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაცია, რომელიც საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში გამართულა.

გამოცემა წერს, რომ მსვლელობის ორგანიზატორების ვარაუდით, კვირას გამართულ აქციაში 110, 000 ადამიანი მონაწილეობდა, მაშინ როდესაც პოლიციის შეფასებით, დემონსტრანტების რიცხვი დაახლოებით 30, 000 იყო.

„ეს ასევე პოლიტიკური დებიუტი იყო აქციის ორგანიზატორის, ბიძინა ივანიშვილისთვის, ქართველი მილიარდერისთვის, რომელიც საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი და ცნობილი ქველმოქმედია. მან პოლიტიკაში ოქტომბერში შეაბიჯა, განაცხადა რა რომ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რომლის მიზანი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და საბოლოო ჯამში პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებაა.“ – აღნიშნავს The Washington Post.

BBC წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის უმდიდრესმა პიროვნებამ პოლიტიკურ მიტინგზე, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი ესწრებოდა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო კამპანია ჩაატარა.
თბილისში BBC-ის კორესპონდენტის, დემიან მაკგინესის განცხადებით, დემონსტრაცია დედაქალაქში ისე აღიქმება, როგორც ოპოზიციის საზოგადოებრივი მხარდაჭერის ტესტი.

„ოპოზიციის განცხადებით, მიტინგზე 300,00 კაცი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის მმართველ პარტიას უფრო მეტი ექნება საბრძოლველი, ვიდრე ეს ადრე იყო მოსალოდნელი.“ – აღნიშნავს კორესპონდენტი და დასძენს, რომ სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა, 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე, საქართველო თითქმის არშემდგარი ქვეყანა იყო, კრიმინალის მაღალი მაჩვენებლით. მისი განმარტებით, არსებობს შიში, რომ ხელისუფლების შეცვლა ქვეყანას იმ წარსულთან მიაბრუნებს.

აქციას გამოეხმაურა აგრეთვე, The Washingtontimes. გამოცემა წერს, რომ 2009 წლის შემდეგ ეს ოპოზიციის მიერ გამართული ყველაზე დიდი დემონსტრაცია იყო.

„ქართული ოპოზიცია გააცოცხლა ბიზნესმენის მიერ სააკაშვილის გამოწვევის გადაწყვეტილებამ, თუმცა სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მისი ალიანსის რეიტინგი მმართველი პარტიის რეიტინგს ჩამორჩება.“ – აღნიშნავს The Washingtontimes.

კომენტარები