მადრიდის რეალი

მოურინიოს ახალი კონტრაქტი

ესპანეთის ჩემპიონმა მადრიდის რეალმა პორტუგალიელ მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - 49 წლის სპეციალისტი სამეფო კლუბში 2016 წლის 1 ივლისამდე დარჩება.

”მისი მოსვლით ჩვენი გუნდის თამაში აშკარად გაუმჯობესდა, რასაც ტიტულებიც მოწმობს. რეალის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მოურინიოს ხელმძღვანელობით გუნდი კიდევ არაერთ ტიტულს მოიპოვებს,” - ნათქვამია ესპანეთის ჩემპიონის პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

ჟოზე მოურინიო სანტიაგო ბერნაბეუზე 2010 წლის ზაფხულში გადავიდა მილანის ინტერიდან, სადაც ორ სეზონში ამდენჯერვე მოიგო სერია ა, თითოჯერ კი იტალიის თასს, ევროპის სუპერ და ჩემპიონთა თასებს დაეუფლა.

პირველივე მადრიდულ სეზონში ჟოზემ ესპანეთის თასი მოიგო, წელს კი პრიმერადივიზიონი. ამას გარდა, რეალმა ზედიზედ ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რაც ბოლოს კლუბმა 2002-03 წლების სეზონში შეძლო.

მოურინიოს ხელმძღვანელობით ესპანეთის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა 117 ოფიციალური მატჩიდან 90 მოიგო და მხოლოდ 11-ჯერ დამარცხდა!

პორტუგალიელი 2010 წელს ფიფამ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად, 2004, 2005 და 2010 წლებში კი პოპულარულმა ინგლისურმა ჟურნალმა უორლდ სოკერმა.

 

კომენტარები