გუშინ საღამოს "პირველი სტერეოს" ოფისში ჩაიკეტა კომპანიის ხელმძღვანელი დავით ზილფიმიანი. კომპანიის თანამშრომლების განცხადებით, დაცვის სამსახური "მგელის" თანამშრომლებმა მათ ოფისი დაატოვებინეს და ტელეკომპანიის დირექტორს დავით ზილფიმიანს ოფისში არ უშვებდნენ. ზილფიმიანი კომპანიის ერთ-ერთი თანამფლობელია, თუმცა ის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ახლა კომპანიის დირექტორი ვასილ კობაიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ვასილ კობაიძის დავალებით მივიდნენ ტელეკომპანიაში დაცვის სამსახურის თანამშრომლები. ზილფიმიანი აპროტესტებს კობაიძის დირექტორობას და აცხადებს, რომ ის "ფალსიფიცირებულად" არის დანიშნული. მისივე თქმით, კობაიძე არ ფლობს საკმარის წილს იმისათვის, რომ ზილფიმიანი დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლოს. ზილფიმიანის ინფორმაციით, "პირველი სტერეოს" მაუწყებლობა ამ მომენტისთვის მაგნიტაფონით ხორციელდება.
ზილფიმიანმა და "პირველი სტერეოს" თანამშრომლებმა გუშინდელი ღამე კომპანიის ოფისთან, ქუჩაში გაათენეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადა "მეცხრე არხის" დირექტორმა კახა ბექაურმა. ბექაურმა "პირველი სტერეოს" ინციდენტი "მეცხრე არხთან" ტექნიკურ ხელშეკრულებას დაუკავშირა, რომლის ფარგლებშიც "პირველ სტერეოს" "მეცხრე არხის" ტექნიკური მოწყობილობა უნდა შეეკეთებინა.




